სეულის მეტროსადგურში ბოსტნეულის ფერმა გაიხსნა

სამხრეთ კორეაში ინტელექტუალური სოფლის მეურნეობის სფეროს კომპანია Farm8-მა მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანა ჰიდროპონიკზე, ქალაქ სეულის მეტროსადგურ Sangdo-ში დაიწყო. ინფორმაციას FruitNews ავრცელებს. „ჰიდროპონიკა“ ლათინურად „წყალზე მომუშავეს“ ნიშნავს და ის მიწის გარეშე მცენარის გაზრდის ხელოვნებაა.

„ჩვენს მეტროსადგურებზე დიდი მიწისქვეშა სივრცეები და გადასასვლელი კვანძებია, სადაც სავაჭრო ობიექტები, რესტორნები და მაღაზიებია განთავსებული. თუმცა სალაროების მიღმა ადგილები ხშირად გამოუყენებელი რჩება, რადგან საცალო მოვაჭრეებისთვის კომერციულად მიმზიდველი არაა. სეულის მეტრო მოიჯარეებს ეძებს, რომლებიც თავისუფალ ფართობს აითვისებენ და სადგურის იმიჯს გააუმჯობესებენ,“ - აცხადებს სეულის მეტროპოლიტენის მენეჯერი კიმ სონ ჩჟინი.

სეულის მეტროპოლიტენმა Farm8-თან 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა საიჯარო თანხის დაფარვისა და მოგების ფიქსირებული ოდენობის შესახებ. Sangdo-ს მეტროსადგურის ფერმას 394 კვ.მ. უკავია, რაც საშუალო გარეფერმასთან შედარებით, სრულებითაც არაა დიდი ტერიტორია. ამ ტერიტორიაზე ფერმის გარდა, კაფე და საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა, სადაც მნახველები „ჭკვიან“ სოფლის მეურნეობას გაეცნობიან.

კომპანია Farm8-მა ფერმა ანტარქტიდაშიც, სამხრეთ კორეის კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე განათავსა, სადაც კიტრის, ყაბაყისა და წიწაკა ჩილის მოსავალს მოიყვანენ. დღეში 2 კგ ბოსტნეულის აღებას ვარაუდობენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ