იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც სრულად მოახდენენ თანამშრომლების ვაქცინაციას, შესაძლოა, შეღავათები დაწესდეს

შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა შეღავათები შეიძლება იყოს დაწესებული ისეთი კომპანიების მიმართ, რომლებიც სრულად მოახდენენ თანამშრომლების ვაქცინაციას.

როგორც ბექა ფერაძე აცხადებს, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ სრულად ვაქცინირებულმა პირმა გარკვეული შეღავათებით ისარგებლოს.

„ვაქცინაცია აქტიურ ფაზაშია შესული, სხვადასხვა კომპანიაა ჩართული, განსაკუთრებით კი ტურისტული, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი.

ცხადია, საბჭო მსჯელობს, ჯანდაცვის სამინისტროს გვაქვს შიდა კომუნიკაცია, რა შეღავათები შეიძლება იყოს დაწესებული ისეთი კომპანიების მიმართ, რომლებიც სრულად მოახდენენ ვაქცინირებას და ამით დაიცავენ როგორც მომხმარებელს, ასევე თანამშრომლებს.

სტუმარ-მასპინძლობა ამ შემთხვევაში ის პირველი სექტორია, რომელსაც უწევს „ფრონტ" კომუნიკაცია მომხმარებელთან.

ასევე იწყება ტურისტული სეზონი. ზაფხულზე სურვილი გვაქვს, სხვადასხვა წამახალისებელი და მასტიმულირებელი მექანიზმები შევიმუშავოთ, რომ ეკონომიკა იყოს გაჯანსაღებული, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული.

დღეს, მე გამიჭირდება გითხრათ კონკრეტულად რა შეღავათი შეიძლება იყოს დაწესებული, მაგრამ მსჯელობა მიმდინარეობს როგორც „კომენდანტის საათის" შემსუბუქებაზე, ასევე შესაძლოა, განხილული იყოს შაბათ-კვირას გარკვეული შეღავათების დაწესება, ისეთი დაწესებულების მიმართ, რომლებიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

ვირუსის გამავრცელებელი არ არის მხოლოდ კონკრეტული კომპანიის „სტაფი". რესტორნების მიმართულებით, ინფექციის გამავრცელებელი მეტწილად არის ის ადამიანი, რომელიც ვიზიტორია და დაყოვნების დრო 15 წუთზე მეტია.

ასევე, შესაძლოა, მწვანე ზონებად განხილვა იყოს მიბმული, თუ კომპანიას „სტაფის“ 60-70 პროცენტი ეყოლება გატესტილი.

ასევე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ ვაქცინირებული იქნება ადამიანი, მის მიმართ გავრცელდეს შეღავათები, იქნება ეს „კომენდანტის" მიღმა რესტორანში განთავსებაზე ნების დართვა, შაბათ-კვირას გადაადგილების უზრუნველყოფა თუ ასე შემდეგ. ეს მსჯელობის საგანია, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ რა ტიპის შეღავათები იქნება დაწესებული ასეთი ობიექტების მიმართ",-აღნიშნავს ფერაძე.