„დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას მიიღებს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, ქვეყანა მიიღებს შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს ფინანსური დახმარება პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის იქნება განკუთვნილი, პროცესს ზედამხედველობას კი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ გაუწევს.

„დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი ქვეყანა მიიღებს შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის. პროექტი ითვალისწინებს სწრაფი გადახდების ახალი ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობისთვის იქნება ძალიან კარგი, ეფექტური საშუალება. ამას, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკიც განახორციელებს. ასევე, მინდა განმარტება გავაკეთო, რომ აღნიშნული ფინანსური მხადაჭერის შეთანხმება იქნა მიღწეული ფინანსთან მინისტრის ჩართულობით, წარმატებული მოლაპარაკების შედეგად. მსოფლიო ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო 11 მაისს, ასევე, ეკონომიკის მინისტრი იყო აქტიურად ჩართული. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამ პროცესში დონორებისგან მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება პანდემიით დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად. მინდა, მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, უშუალოდ რეგიონალურ დირექტორს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის. აღნიშნული პროექტის ზედამხედველობას განახორცეიელებს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“. მოგეხსენებათ, ჩვენთვის მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და, რა თქმა უნდა, ჩვენ დამატებით სხვა მასტიმულირებელ მექანიზმებს შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ უახლოეს პერიოდში,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.