38 მიწის ნაკვეთიდან სახელმწიფო აუქციონზე მხოლოდ 4 გაიყიდა - სად გასხვისდა მიწა ყველაზე ძვირად

მთავრობამ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ მორიგ აუქციონზე 38 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გამოიტანა, საიდანაც მხოლოდ 4 გაიყიდა. აუქციონი 18 მაისს დასრულდა.

სახელმწიფოს მიერ 38 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ჯამურად 8 005 800 ლარად იყო შეფასებული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე, 3 ქონებასთან დაკავშირებით მითითებულია, რომ აუქციონი შეწყდა, 4 გაიყიდა, დანარჩენ სასოფლო სამეურნეო მიწებზე კი აუქციონი არ შედგა.

,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს, რომელიც 38 შეთავაზებული ქონებიდან აუქციონზე გაიყიდა:

  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე 310268 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 870 000 ლარად გაიყიდა. ეს გამოტანილი 38 სასოფლო-სამეურნეო მიწიდან, ყველაზე ძვირად ღირებული ქონება იყო.
  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე 66839 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 335 000 ლარი
  • დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ საბათლოში მდებარე 123907 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 106 000 ლარი
  • მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბედათში მდებარე 28023 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 31000 ლარი

ცნობისთვის, აუქციონის წესში განმარტებული იყო კანონმდებლობის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ შეიძლება იყოს: უცხოელი (ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი); იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, ან რომლის დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება.

თამარ მუკბანიანი