მიხეილ მაჭავარიანი: საპარლამენტო უმცირესობა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმცირესობა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.

უმცირესობის დეპუტატის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტით პენსიების მხოლოდ 10 ლარით ზრდა იგეგმება, რაც მინიმალურია. როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეკონომიკური მაჩვენებლის 5%-იანი ზრდით, ქვეყანას 50-60 წელიწადი დასჭირდება, რომ ყველაზე ჩამორჩენილ ევროპულ ქვეყანას დაეწიოს.

,,ეს ბიუჯეტი არ ასახავს იმ რეალურ პრობლემებს, რაც არის ქართულ ეკონომიკაში. იზრდება ჩვენი ვალი და ამ ორი წლის განმავლობაში, რაც ,,ქართულმა ოცნებამ" ბიუჯეტი შემოიტანა, სამი მილიარდით გაიზარდა ჩვენი ვალი. პენსიების ზრდა, რომელიც ბოლო ვარიანტში არის გათვალისწინებული მხოლოდ ათი ლარით და ისიც მომავალი წლის სექტემბრიდან, მინიმალურია, მიუხედავად იმისა, რომ ზრდიან გადასახადებს აქციზებზე. ზრდიან გადასახადებს მობილური ოპერატორებისთვის შემომავალ ზარებზე და ამ თანხის მხოლოდ ნაწილს, 21 მილიონს დებენ მხოლოდ პენსიების ზრდაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტას სულ ჭირდებოდა 50 მილიონი. აბსოლუტურად არაადეკვატური ბიუჯეტია და ის გათვლილია ბიუროკრატიის შენახვაზე. ამ ბიუჯეტით ქვეყანა წინ ვერ წავა. იმ მინიმალური ზრდით, რომელიც არის ხუთი პროცენტი და რომელიც მოსწონს ჩვენს პრემიერს, დაახლოებით 50-60 წელიწადი გვჭირდება, რომ დავეწიოთ ჩამორჩენილ ევროპულ ქვეყანას,”- განაცხადა მაჭავარიანმა.