გაერო - 2021 წელს მსოფლიო ვაჭრობა 16%-ით გაიზრდება

2021 წელს მსოფლიო ვაჭრობა, გასულ წელთან შედარებით, 16%-ით გაიზრდება. ამის შესახებ გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია UNCTAD-ის ანგარიშში წერია, რომელიც ჟენევაში გამოქვეყნდა.

„2021 წლის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა. არსებული პროგნოზით, 2020 წელთან შედარებით, ის 16%-ს შეადგენს. აქედან საქონლით ვაჭრობა 19%-ით, ხოლო მომსახურების სფერო 8%-ით გაიზრდება,“ - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2020 წელს, სერიოზული ეკონომიკური რყევების მიუხედავად, ვაჭრობა მთლიანობაში შედარებით მყარად იდგა ფეხზე. ეს, გარკვეულწილად, აღმოსავლეთ აზიაში მდგრადი ეკონომიკური მაჩვენებლებით გახდა შესაძლებელი, სადაც პანდემიასთან ბრძოლა წარმატებით და სწრაფად დასრულდა. ამის შედეგად COVID-19-თან დაკავშირებულ პროდუქციაზე მოთხოვნის „კაპიტალიზირება“ მოხდა.

ამასთან, 2021 წლის პირველ ნახევარში მსოფლიო ვაჭრობა, წლიური მაჩვენებლით, 10%-ით, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტლთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა. წლის პირველი კვარტლის ასეთი ნახტომი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ექსპორტის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა. ჩინეთმა, ინდოეთმა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ უფრო მაღალ შედეგებს მიაღწიეს, ვიდრე სხვა მსხვილი ეკონომიკის ქვეყნებმა.

UNCTAD-ის პროგნოზით, 2021 წლის მეორე კვარტალში მსოფლიო ვაჭრობა და მომსახურება ფულადი სახით 6,6 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 31%-იანი ზრდა იქნება. ამასთან, ანგარიშში წერია, რომ პრობლემად რჩება ვაჭრობის არათანაბარი აღდგენა, რაც განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში შეიმჩნევა. .

კოკა კვირკველია