თბილისში ლურჯ მიკროავტობუსებს ისევ „ჯი-თი მოტორსი“ შემოიყვანს

“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლითაც მერია 300 ახალი მიკროავტობუსის შეძენას გეგმავდა, ისევ კომპანია "ჯი-თი მოტორსმა” გაიმარჯვა. ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო კომისიის სხდომის ოქმიდან ირკვევა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში დამატებით 300 ლურჯი მიკროავტობუსის შესყიდვაზე მერიამ ტენდერი 2 აპრილს გამოაცხადა. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 35 919 468 ლარი იყო, "ჯი-თი მოტორსის“ შეთავაზებული თანხა კი 35 729 400 ლარი. სატენდერო კომისიამ „ჯი-თი მოტორსის“ შეთავაზებული წინადადება მოიწონა, შესაბამისად, უახლოეს რამდენიმე თვეში თბილისში 300 ახალ Ford-ის მარკის ლურჯ მიკროავტუბუსს ისევ „ჯი-თი მოტორსი“ შემოიყვანს. ფასების ცხრილის მიხედვით, ერთი ერთეული Ford Transit-ის მარკის მიკროავტობუსის ღირებულება 33,606 ევროთი განისაზღვრება. საერთო ღირებულება (დღგ-სჩათვლით) კი 10 081 948 ევროთი.

სატენდერო პირობების თანახმად, მიკროავტობუსები უნდა იყოს არაუადრეს 2021 წლისა (ყველა ავტობუსი უნდა იყოს ერთი მარკის და ერთი მოდელის); არანაკლებ 17 მგზავრზე გათვლილი; უნდა იყოს ლურჯი (მეტალიკი) ფერის. გამარჯვებულმა კომპანიამ კი მიკროავტუბუსები შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 180 დღეში, ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს.

აღსანიშნავია, რომ „ჯი-თი მოტორსი“ ბოლო წლების განმავლობაში არაერთ სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. მან შემოიყვანა დედაქალაქში ლურჯი ავტობუსების დიდი ნაწილი და ასევე თეთრი პიკაპები. „ჯი-თი მოტორსმა“ შემოიყვანა 300 ლურჯი მიკროავტობუსიც.

„ჯი-თი მოტორსი“ 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-იან წილს შპს „ჯი-თი გრუპი“ ფლობს. ეს უკანასკნელიც 2010 წელს დარეგისტრირდა. რეესტრის მიხედვით, „ჯი-თი გრუპის“ 33% გიორგი თავდიშვილი, 34%-ს გიორგი გველესიანი, 33%-ს კი თემურ უსტიაშვილი ფლობს, რომელიც ასევე არის, როგორც „ჯი-თი მოტორსის“, ასევე „ჯი-თი გრუპის“ დირექტორი.