მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო. მისი შრომითი საქმიანობა ასევე უკავშირდება ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას (EURONEST PA).

საქართველოს პარლამენტში არჩევამდე, 2019-2020 წლებში მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ამავე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა 2012-2014 წლებში, ხოლო 2014 წლიდან 2019 წლამდე ტუროპერატორი კომპანია „ვოიაჟერი“-ს გენერალური დირექტორი და, ამავდროულად, ავიაკომპანიის flydubai რეგიონალური მენეჯერი იყო.

მარიამ ქვრივიშვილს დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი და გავლილი აქვს ბიზნეს ადმინისტრირების კურსი Berkeley უნივერსტეტში.