მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 13.9%-ით გაიზრდება - პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა 2021 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, საბიუჯეტო ოფისი მეორე კვარტალში ეკონომიკის 13.9%-იან ზრდას ვარაუდობს. აღსანიშნავია, რომ თუ მოცემული პროგნოზი გამართლდა, ეს მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 1.2%-ით ნაკლები იქნება.

საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი ძირითადად განპირობებულია ქვეყანაში არსებული შეზღუდვების შემსუბუქებითა და მოხსნით. ამასთან, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების ზრდით. საბაზისო ეფექტების გარდა, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზს, დამატებით რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

  • ტურიზმის მოცულობა დაახლოებით 4-ჯერ გაიზრდება (2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები).
  • ქვეყანაში მაღალი იქნება შიდა ტურისტული აქტივობა
  • გაიზრდება როგორც კერძო, ისე მთავრობის მოხმარება
  • მოსალოდნელია კერძო ინვესტიციების ზრდა
  • გაიზრდება ქვეყნიდან ექსპორტის მოცულობა
ნოდარ სირბილაძე