დავით ონოფრიშვილი: ერთ-ორი სამინისტროს მხრიდან თანხების ათვისება მუდმივი პრობლემაა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, გადასახედია იმ სამინისტროების დაფინანსების საკითხი, რომლებიც ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ათვისებას ვერ ახერხებენ.

ონოფრიშვილის აზრით, მთავრობამ ასეთი უწყებების ხარჯებს უნდა გადახედოს და პრიორიტეტულობის მიხედვით, იმ უწყებებს გადასცეს, ვისაც ფულის დახარჯვა შეუძლია. როგორც ონოფრიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, თანხების ათვისება ერთ-ორი სამინისტროს მხრიდან მუდმივი პრობლემაა.

"მაგალითად, დევნილთა და განსახლების სამინისტროს შვიდ თვეში ათვისებული ჰქონდა მისთვის გამოყოფილი თანხების 23% და ახლა, 11-თვის მდგომარეობით არის 60%. თანხები კი, ისეთ პროგრამებს ეხებოდა, რომელიც განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. დღეს არის შემთხვევა, როცა თბილისში იძულებით გადაადგილებულებს ასახლებენ, მაშინ როცა თანხები არსებობდა და პრობლემის მოგვარდება შეიძლებოდა", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.