ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებზე“ - შეიძლება, ულტიმატუმის ენით ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს შედეგის მომტანი არასდროს ყოფილა - უნდა დავსხდეთ და ერთმანეთს კონკრეტულ საკითხებზე ვესაუბროთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით კომპეტენტური პირები მუდმივად იყვნენ კომუნიკაციაში საზოგადოებასთან.

როგორც დავითაშვილი აცხადებს, „ნამახვანჰესის“ შესახებ კომუნიკაცია არსებობდა, მათ შორის, იყო ფორმალური და არაფორმალური შეხვედრაც. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის დროს.

"ვფიქრობ, კომუნიკაცია, შესაძლოა, არ იყო სრულყოფილი. თავიდანვე ამაზე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა განცხადება, როდესაც მინისტრებს სთხოვა ჩართულიყვნენ კომუნიკაციაში. მე ვიტყოდი, სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი, ის ადამიანი, ვისაც უშუალოდ ეხებოდა გადაწყვეტილების მიღება და კომპეტენტურია ამ საკითხში, მუდმივად იყო მოსახლეობასთნ კომუნიკაციაში. ეს არის როგორც ეკონომიკის, ისე ჩვენი სამინისტროს წარმომადგენელი ", - აღნიშნავს დავითაშვილი.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ულტიმატუმის ენით საუბარი შედეგის მომტანი არასდროს ყოფილა.

„ჩვენ სწორი ფორმატები უნდა გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში, ექნება დიალოგს აზრი და მივიღებთ შედეგს.

ჩვენ შეიძლება, ულტიმატუმის ენით ვისაუბროთ, მაგრამ შედეგის მომტანი ეს არასოდეს, არსად, არც ერთი მიმართულებით, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა, არა თუ კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტთან. არც ერთ პოლიტიკურ პროცესში ასეთი ტიპის ულტიმატუმებს შედეგი არ მოუტანია.

ჩვენ ვართ ამის მომსწრე, მათ შორის, უახლოეს წარსულში. გვესმის, რომ მხოლოდ დიალოგით ხდება გადაწყვეტილების მიღება. უნდა დავსხდეთ და ერთმანეთს კონკრეტულ საკთხებზე უნდა ვესაუბროთ“, - აღნიშნავს დავითაშვილი.