რა ფაქტორებმა შექმნა ლარის სტაბილურობის დროებითი ეფექტი - რომან გოცირიძის შეფასება

„მოლოდინების ლარის კურსზე გავლენა თითიდან გამოწოვილი თემაა,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„როდისმე გინახავთ მთავრობა ან ეროვნული ბანკი მოლოდინების ირგვლივ რაიმე რიცხვებს დებდეს. მოლოდინებმა რა გარდასახვა ნახეს ფულის მასაში, რამდენი არის ლარის მასა ამ მოლოდინებით წარმოქმნილი, რამდენი არის დოლარის შემოდინება ან გადინება - ეროვნულ ბანკს ამის ბალანსი აქვს და მომენტალურად უნდა გვითხრას.

ლარის გამყარებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი ეს არის სეზონურობა. 5 წლიან გრაფიკაზე რომ ვნახოთ, ზაფხულში ყოველთვის სპეციფიკური რაღაცა ხდება - ცვლილებებია სავაჭრო ბალანში, ზამთარი არაა, შესაბამისად, გაზი არ შემოგვაქვს. ამ და სხვა ფაქტორების გამო სეზონური გამყარება ყოველთვის ხდება.

სეზონურობის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტიდან არ მიდის ჯერჯერობით ხარჯვა. სამჯერ არის თითქმის შემცირებული რეფინანსირების სესხები, გაზრდილია რეფინანსირების განაკვეთი, ასევე გაიზარდა გადმორიცხვები ჩვენი მოქალაქეებისგან, მარტსა და აპრილში არნახული ოდენობით იმატა გადმორიცხვებმა. ამას ემატება ტურიზმის ოდნავი გამოცოცხლება. ამ ყველაფერმა ლარის სტაბილურობის დროებითი ეფექტი შექმნა.

წინათ, როდესაც ასე ხდებოდა, ეროვნული ბანკი უზარმაზარ შეცდომას უშვებდა. უცებ დახარბდებოდა და როგორც კი ლარი მცირეოდენ გამყარებას დაიწყებდა, ეტაკებოდა და დოლარს ყიდულობდა რეზერვების შესავსებად. თუმცა, რეზერვების შევსების პირველივე მცდელობისას, იწყებოდა უკუსვლა. ეროვნულ ბანკს ვეუბნები პირდაპირ - ახლა უნდა გააკეთოს ინტერვენციები. სჯობს ახლა დახარჯოს 20 მილიონი, მაგრამ ცოტ-ცოტა ინტერვენციებით, ვიდრე შემდეგ მოუწიოს 80-100 მილიონის დახარჯვა,“-განაცხადა გოცირიძემ.

თაია არდოტელი