HSBC აშშ-ს ბაზრიდან ნაწილობრივ გადის

სააგენტო Reuters ევროპის უმსხვილესი ბანკის, HSBC-ის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ბანკი აშშ-ს მასობრივი ბაზრის საცალო მომსახურების საქმიანობიდან გადის. ამ მიმართულებით ბანკი წამგებიანი ბიზნესის გარკვეულ ნაწილს გაყიდის ან დახურავს, რაც მისი დიდი ხნის სურვილია, რადგან კრედიტორი ყურადღებას თავისი ძირითადი ბაზრის, აზიის მიმართულებით აძლიერებს. HSBC რამდენიმე წელია, ცდილობს, შეამციროს თავისი წარმომადგენლობა, როგორც ევროპაში, ისე ჩრდილოეთ ამერიკაში. აშშ-ში ის უფრო მსხვილ შიდამოთამაშეებთან კონკურენციას ებრძოდა.

HSBC-მა განცხადება გუშინ საღამოს გაავრცელა და მასში ნათქვამია, რომ მცირე ბიზნესისა და ინდივიდუალური კლიენტების უმრავლესობისთვის საცალო საბანკო მომსახურების საქმიანობას წყვეტს, თუმცა აშშ-ში უმნიშვნელო სახით დარჩება და მხოლოდ საერთაშორისო შეძლებულ და უმდიდრეს კლიენტებს მოემსახურება.

„ეს კარგი ბიზნესია, მაგრამ ჩვენ კონკურენციისთვის მასშტაბები არ გვეყო,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ბანკის გენერალური დირექტორი ნოელ ქვინი აწერს ხელს.

ბანკმა თებერვალში შესწორებული სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელიც, ძირითადად, აზიაში კაპიტალის მართვაზე იყო ორიენტირებული. იქვე ეწერა, რომ ბანკი აშშ-ში თავისი საცალო საბანკო სისტემის „ორგანულ და არაორგანულ ვარიანტებს“ შეისწავლიდა. ნოელ ქვინის გეგმა მთელ საბანკო ჯგუფში ხარჯების შემცირებასა და მცირე ბიზნესის, მცირე ბაზრის მიტოვებას ითვალისწინებდა.

Citizens Bank-მა, რომელიც Citizens Financial Group-ის ნაწილია, სურვილი გამოთქვა, შეიძინოს აღმოსავლეთ სანაპიროზე HSBC-ის კერძო პირებისა და მცირე ბიზნესის მომსახურების მიმართულება და 80 ფილიალი. Cathay General Bancorp-ის განყოფილება Cathay Bank თანახმაა, HSBC-ის ბიზნესი, თავისი 10 ფილიალით დასავლეთ სანაპიროზე შეიძინოს. ამის შესახებ ორმა ამერიკულმა ბანკმა განცხადება თავად გაავრცელა, თუმცა მასში დაკონკრეტებული არ არის, თუ რამდენი გადაიხადეს HSBC-ის ბიზნესის შეძენაში. თავად HSBC-ში აცხადებენ, რომ ამ გარიგებების მხოლოდ ტრანზაქციებთან დაკავშირებული ხარჯი 100 მლნ დოლარს შეადგენს.

HSBC -მა, რომლის სათაო ოფისიც ლონდონში მდებარეობს, აშშ-ში 2020 წელს 547 მლნ დოლარი დაკარგა მაშინ, როცა აზიაში 5 მლრდ დოლარის მოგება ჰქონდა. ამის შესახებ ბანკის წლიურ ანგარიშში წერია. აზიაში HSBC-ის ყველაზე მომგებიანი ბაზარი ჰონგ-კონგშია. აშშ-ში საცალო საბანკო მომსახურების სფერო HSBC-მა 1980-იან წლებში გააფართოვა, რაც მისი გეოგრაფიული მიმართულებების დივერსიფიკაციის ფართო სტრატეგიაში შედიოდა. ამ მასშტაბებთთან დაბრუნებას ბანკი 10 წელზე მეტია ცდილობდა და 2011 წელს აშშ-ს 470 ფილიალიდან თითქმის ნახევარი გაყიდა, რომლებიც, ძირითადად, ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთით მდებარეობდნენ. ამასთან, ბანკმა თავისი საკრედიტო ბარათების მომგებიანი განყოფილებაც გაყიდა.

ამჟამად აშშ-ში HSBC-ის 148 ფილიალი აქვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ