წიგნი, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება - ინტერვიუ დათო კენჭაძესთან

თუ ყველასთვის ცნობილი და აღიარებული ბესტსელერი ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყი“ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ, „პალიტრა L”-ის მეშვეობით გეძლევათ შესაძლებლობა, 2-3 ივნისს, მხოლოდ ჭავჭავაძის 2 ნომერში (ყოფილი ჩაის სახლი) მდებარე „ბიბლუსის გალერეაში“ კონკრეტულ წიგნში გადაიხადოთ რამდენიც გინდათ.

„გადაიხადე რამდენიც გინდა“ - ასე ეწოდება „პალიტრა L”-ის კამპანიას, რომელიც პროფესიული ლიტერატურის ხელმისაწვომობის ზრდას შეუწყობს ხელს. ამ ეტაპზე, აღნიშნული აქცია მხოლოდ ბრაიან თრეისის კონკრეტულ წიგნზე მოქმედებს. უპრეცენდენტო აქცია გაგრძელდება ტირაჟის ამოწურვამდე. ერთ ადამიანზე გაიცემა მხოლოდ 1 წიგნი. შეიძინე წიგნი, რომელმაც მრავალი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა და გადაიხადეთ იმდენი, რამდენიც სამართლიანად მიგაჩნიათ. მინიმუმ 1 ლარიდან...

აქციაში მონაწილეებს გთხოვთ, 10 დღის განმავლობაში, შეინახეთ მაღაზიის მოლარის მიერ მოცემული ჩეკი. შესაძლოა, თქვენ სასიამოვნო პრიზის მფლობელი გახდეთ.

რის შესახება არის „შეჭამე ბაყაყი“, რატომ არის მნიშვნელოვანი მისი წაკითხვა და რეალურად, მივიღებთ თუ არა სასარგებლო იდეებს მისგან, ამის შესახებ ცნობილ ბიზნესმენსა და DK Capital-ის გენერალურ დირექტორს დათო კენჭაძეს ვესაუბრეთ:

როდის გაეცანით „შეჭამე ბაყაყს“ და თქვენთვის რა შთაბეჭდილებებთან არის ის დაკავშირებული?

„შეჭამე ბაყაყი“ წლების წინ წავიკითხე და ვფიქრობ, რომ მისი გაცნობა ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც კარიერული წინსვლა სურთ და აქვთ საინტერესო შესაძლებლობები და სურვილები, განვითარდნენ.

ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, წიგნი აუცილებლად დაგაინტერესებს, რადგან ფაქტობრივად ანბანია იმისა, თუ როგორ უნდა იმუშაო ეფექტურად, თუ როგორ უნდა მართო შენი დრო იმისათვის, რომ სწორ საქმეებზე უფრო მეტად ფოკუსირდე. მასში მოცემულია არაერთი კარგი რჩევა, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება. რატომ არის მნიშვნელოვანი პიროვნული უნარ-ჩვევები? იმიტომ რომ მასზე ძალიან ბევრი რაღაც არის დამოკიდებული - ეს არის ხრიკები, მიდგომები და უნარები, რომელიც თანამედროვე ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებული ადამიანების კარიერაში უნარ-ჩვევები ყველაზე მეტი რამის განმსაზღვრელია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ საბოლოო ჯამში, ძალიან ბევრი ცოდნა, რომელსაც ჩვენ ცხოვრების განმავლობაში ვიღებთ, რჩება ინფორმაციად და რაღაც თვალსაზრისით უნარ-ჩვევებად არ გარდაიქმნება. ბრაიან თრესის წიგნში მოცემულია ძალიან ბევრი ისეთი ცოდნა, რომელიც უნდა გარდაიქმნას უნარ-ჩვევად, იმისათვის, რომ შემდეგ ჩვენმა გონებამ კონკრეტულ სიტუაციაში ავტომატურად იმოქმედოს.

რეალურად, არის თუ არა წიგნის დახმარებით უნარ-ჩვევების გამომუშავება შესაძლებელი? შეუძლია თუ არა კონკრეტულად ამ წიგნს, ისეთი ზეგავლენა მოახდინოს ადამიანზე, რომ მისი ცხოვრება შეცვალოს?

წიგნში „შეჭამე ბაყაყი“, მოცემულია ძალიან ბევრი იდეა. ადამიანს უნდა შეეძლოს იმის აღიარება, რომ როცა საინტერესო იდეას ნახავს, შემდგომი განვითარებისთვის მისი ყოველდღიურობაში დანერგვა საჭიროა.

მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანს ჰქონდეს საკუთარ თავთან პრინციპული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ანუ მე რომ მომეწონა რაღაც, ვიტყვი, რომ ამას ვიყენებ და მე ვიქნები ასეთი და ასე გავაგრძელებ შემდეგ მოქმედებას, როცა ჩემს ცხოვრებაში კონკრეტული რამ მოხდება. ასე რომ, ყველაზე მთავარი გამოწვევა არის იმის ცოდნა, რეალურად გსურს თუ არა ცხოვრებაში რაღაცის ცვლილება. ამ წიგნში არის იდეები, რომლებიც უბრალოდ უნდა აიღო, დაამუშაო და ყოველდღიურად ივარჯიშო იმისათვის, რომ ეს ყოველივე შენს პიროვნულ უნარ-ჩვევებად გარდაიქმნას.

როგორ ფიქრობთ, ბოლო პერიოდში პროფესიული ლიტერატურა რატომ გახდა ძალიან პოპულარული?

რაც შეეხება პროფესიულ ლიტერატურას, მასზე მოთხოვნა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. რაც უფრო მეტი ახალი თაობა იზრდება, მით უფრო მეტი ადამიანი მიხვდება, რომ წიგნების წაკითხვა საჭიროა არამხოლოდ იმისათვის, რომ სიამოვნება მიიღო, არამედ ისწავლო კიდეც, რადგან წიგნს შეუძლია, კარიერული განვითარების თვალსაზრისით ადამიანს ძალიან ბევრი რამ მისცეს. შესაძლებელია, მხოლოდ ერთი წიგნი წაიკითხო და მასში ისეთი იდეა აღმოაჩინო, რომ რადიკალურად სხვანაირად შეგახედოს კონკრეტულ სიტუაციას, თორემ ცხოვრება ყველას ერთნაირი გვაქვს: ვიბადებით, ვიზრდებით, ვვითარდებით... მთავარია, როგორ შევხედავთ სხვადასხვა სიტუაციას, პროფესიული წიგნები კი გვაძლევს საშუალებას, რომ ერთსა და იმავე მოვლენას შეიძლება სხვადასხვანაირად შეხედო.

როგორი იქნება თქვენი რჩევები მათთვის, ვინც ახლა იწყებს კარიერულ წინსვლას?

ვფიქრობ, წარმატების ფორმულა არ არსებობს. ცხოვრება შედგება ჩვენი გადაწყვეტილებებისგან და მას თავიდან ბოლომდე ვმართავთ ჩვენ, ამიტომ მენტალურად რაც უფრო ძლიერები ვიქნებით, მით უფრო მეტად შევძლებთ დასახული მიზნების მიღწევას. თავდაპირველად, ამისთვის გვჭირდება უნარ-ჩვევების ქონა, ხრიკების ცოდნა, ამიტომ ნომერი პირველი საინვესტიციო ადგილი არის საკუთარი თავი. შეიძლება, საკუთარ თავში ჩადო ძალიან მიზერული ფინანსები, მაგრამ განვითარებისთვის გაიღო დიდი დრო. როცა საკუთარ თავზე მუშაობ, შენ აკეთებ ძალიან სერიოზულ ინვესტირებას მომავალში, შენს თავში და რაც უფრო ძლიერი ხარ, მით უფრო მარტივად შეგიძლია ბევრი რაღაცის გაკეთება. ჩემი მთავარი იდეა არის ის, რომ მუდმივად მუშაობდე საკუთარი თავის განვითარებაზე, არასდროს არ გაჩერდე და ყოველთვის მიდიოდე იქით, რომ გახდე უფრო უკეთესი, უფრო ეფექტური, უფრო ძლიერი, მეტი პრობლემის მოგვარება შეძლო სხვადასხვა სიტუაციაში...

რაც უფრო ძლიერი ხარ შენ, ბევრი რაღაც უფრო მარტივად გამოგდის. მათ შორის, შეგიძლია, სწორად გამოიყენო შესაძლებლობები. ალბათ ყველანი ხშირად ვყოფილვართ ძალიან საინტერესო შესაძლებლობების წინაშე, მაგრამ ვერ გამოგვიყენებია, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვერ ვიყავით ძლიერები, არ ვიცოდით სწორად როგორ უნდა შეგვეხედა მოვლენებისთვის. მე თვითონ ვარ ამის მაგალითი, რადგან არაერთხელ მქონია ასეთი შემთხვევა და მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი ამას და კი ძალიან ვინანე, რატომ არ ვიფიქრე მოცემული შესაძლებლობების გამოყენებაზე. ვფიქრობ, მაშინ კონკრეტული უნარ-ჩვევა რომ მქონოდა, საბოლოო ჯამში, უკეთეს გადაწყვეტილებას მივიღებდი.

მე ვფიქრობ, რომ ასეთი რაღაცები ქმნის უფრო ძლიერ ადამიანს და რაც უფრო ძლიერდება ის, მით უფრო მეტი რაღაცის მიღწევა შეუძლია.