რა ქონებით ბრუნდება ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკაში

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დღეს დაფუძნდება. ღონისძიება 17:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ შენობაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ უკვე თანამდებობის დატოვების შემდეგ, გიორგი გახარიამ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის აპრილში შეავსო. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, გასულ წელს ყოფილმა პრემიერმა განვადებით სოფელ მუხურში, 2 290 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი; ხოლო მისმა ცოლმა 472 400 ევროდ საფრანგეთში 83 კვ. მეტრი ფართობის ბინა იყიდეს. უნდა ითქვას, რომ აქამდე დეკლარაციაში მათ სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდებოდა.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია მითითებული, გახარიამ მიწის ნაკვეთი 3 ეტაპად გადახდის პირობით შეიძინა. 2020 წელს 25 ათასი ლარი გადაიხადა, ხოლო ჯამში, ქონების ღირებულება 85 ათასი ლარია. რაც შეეხება საფრანგეთში მისი მეუღლის მიერ შეძენილ ბინას, დეკლარაციის თანახმად, ქონების შეძენა ოჯახის მიერ დანაზოგი თანხით მოხდა, რომელიც 2017-2020 წლის დეკლარაციებში არის მითითებული. როგორც 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, გახარიას მეუღლეს ანგარიშზე 537 739 დოლარის დანაზოგი ჰქონდა. გარდა აღნიშნული უძრავი ქონებისა, ყოფილი პრემიერის მეუღლე ფლობს, მსუბუქ ავტომობილს Toyota RAV 4-ს, რომელიც 2016 წელს აქვს შეძენილი.

ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2020 წელს გახარიას შემოსავალმა პრემიერის პოსტზე - 41 004 ლარი, ხოლო მისი მეუღლის შემოსავალმა ავერსის ცენტრალური კლინიკის ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე - 11 084 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში გახარიას საბანკო ანგარიშზე - 14 242 ლარი ჰქონდა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორც მან განმარტა, გაუმართლებლად მიაჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზი ასევე იყო ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.