,,რეკავენ, სიტუაციას არკვევენ, თუმცა დაჯავშნისგან ჯერ ისევ თავს იკავებენ“ - როგორ ემზადებიან აჭარაში მოქმედი მცირე ზომის სასტუმროები ტურისტული სეზონისთვის

აჭარის რეგიონში ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რეგიონში სტუმრების მისაღებად 300-მდე ობიექტი უკვე მზადაა. სწორედ ამდენი ობიექტი აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მცირე და საშუალო სასტუმროებში აცხადებენ, ტურისტების მხრიდან ინტერესი არის, თუმცა ჯერჯერობით ჯავშნებისგან თავს იკავებენ.

„ჩვენი სასტუმრო 3-ვარსკვლავიანია და შეიძლება ითქვას, რომ ფასი ხელმისაწვდომია და სეზონზე სტუმრები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან გვყავს, რომლებიც სახმელეთო საზღვრით შემოდიან. ბუნებრივია, ჩვენთვის დიდი შვებაა, რომ საზღვარი იხსნება, მაგრამ კოვიდიდან გამომდინარე, არ ვიცი, რამდენად იქნება სეზონი აქტიური. 10 წელზე მეტია, სასტუმრო მაქვს და ერთი და იგივე სტუმრები გვყავს. დღეს ისინი რეკავენ, სიტუაციას არკვევენ, თუმცა დაჯავშნისგან ჯერ ისევ თავს იკავებენ. გასულ წელს, რა პირობაც მოგვცეს ტურიზმთან დაკავშირებით, არაფერი გამართლდა ხელისუფლების მხრიდან და წელს, ამის გამო რთულია ნდობა და გეგმების დაწყობა“, - განაცხადეს სასტუმრო ,,სანაპიროში“.

,,რაც ცნობილი გახდა, რომ სახმელეთო გზითაც შემოუშვებენ ტურისტებს, სომხეთიდან 4 ჯავშანი გვაქვს. ეს ბუნებრივია, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც გასულ წლებში ამ დროს გვქონდა, მაგრამ მაინც გვიხარია. იმედი მოგვეცა, რომ ტურისტული სეზონი შედგება. სასტუმრო მეც და ყველას ჩემს ირგვლივ სესხით გვაქვს გაკეთებული და მართლა უმნიშვნელოვანესია ყველა სტუმარი. ვინც პანდემიას გავუძელით და სასტუმრო არ გავყიდეთ, ან არ დავხურეთ, ყველაზე მძიმე ზაფხული გველოდება. ხელისუფლება უნდა დაგვეხმაროს, რომ კომენდანტი და სხვა მსგავსი რეგულაციები არ იყოს, ის კი, რაც კოვიდის გავრცელებას მართლა იწვევს, გასული წლისგან განსხვავებით აკონტროლონ, რომ დახურვა არ მოგვიწიოს“, - ამბობენ სასტუმრო Happy time-ში.

ცნობისთვის, საქართველოს სახმელეთო საზღვრები 1-ლი ივნისიდან იხსნება და მისი გადმოკვეთა შესაძლებელი იქნება ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში.

თამარ მუკბანიანი