„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა ველოდით ორნიშნა ზრდას, 45% ყველა მოლოდინს აჭარბებს“- რამდენად რეალურია ეკონიმიკის ზრდის მაჩვენებელი

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა ველოდით ძალიან მაღალ ზრდას, ორნიშნა ზრდას, 45% ყველა მოლოდინს აჭარბებს“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეკონომისტმა, კავკასიის უნივერსიტეტის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა განაცხადა. აღნიშნულით ის ეკონომიკის მკვეთრი ვარდნის შემდეგ, რეკორდულ ზრდას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 44.8% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.%-ია.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა ველოდით ძალიან მაღალ ზრდას, ორნიშნა ზრდას, 45% ყველა მოლოდინს აჭარბებს. აქ გასათვალისწინებელია საბაზისო ფაქტორი, ის რომ შარშანდელთან შედარებით არის გაზრდილი 45%-ით და შარშან 16,6%-იანი ვარდნა გვქონდა. თუმცა, 2019 წელთან შედარებითაც 21%-ით არის ზრდა და ესეც უპრეცედენტოა. ასეთი რამ არ მომხდარა.

მე ვერ შევალ იმ შეფასებაში, რომ საქსტატი არასწორ მონაცემს აქვეყნებს. ცხადია, ეს არ იქნება სწორი. ამბავი ის არის, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით, ყველა რიცხვი და ტექნიკურად, კონკრეტულად რა გაიზარდა და რამდენით. ეს არის წინასწარი შეფასება, რაც მიღებული პრაქტიკაა, როდესაც შეფასება ხდება დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვების მიხედვით. ამის შესახებ ინფორმაცია აქვს შემოსავლების სამსახურს და შემდეგ ისინი აწვდიან საქსტატს.

საუბარი არის იმაზე, რომ ექსპორტი გაზრდილია და ეს მართლაც ასეა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე (და ამას ჩვენ ვხედავდით მთელი პანდემიის განმავლობაში, გარდა 2020 წლის აპრილისა), გაზრდილია ფულადი გადმორიცხვები. ჩვენი ემიგრანტები რასაც აგზავნიან საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ქართული ეკონომიკის, სამწუხაროდ და საბედნიეროდ, მათ შორის, ძალიან გაზრდილია 2019 წელთან შედარებითაც. პლუს ამას, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ამბავი, რომ ბიუჯეტის დეფიციტია გაზრდილი. ანუ, ეკონომიკური ზრდა, არაფრის ხარჯზე რომ ხდებოდეს, ეს ასე არ არის. ბიუჯეტის ხარჯზე ხდება. ბიუჯეტის დეფიციტი გაზრდილია, ვალები გვაქვს აღებული, რომელსაც სახელმწიფო ეკონომიკაში დებს, სხვადასხვა ფორმით. ეს ცხადია, აისახება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე. თუმცა, ეს ყველაფერი გადასახდელი გვექნება“,- განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.

ნინი ქეთელაური