"ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ 2015 წლის ბიუჯეტში თბილისელების წინაშე არსებული პრობლემები არ არის ასახული

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიიჩნევენ, რომ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში თბილისელების წინაშე არსებული პრობლემები ასახული არ არის.

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი მერმა სოციალურად ორიენტირებულ ფინანსურ დოკუმენტად გამოაცხადა, თბილისელების წინაშე კვლავ რჩება ისეთი მოუგვარებელი პრობლემები, როგორიც არის სოციალური უზრუნველყოფა.

"კომუნალური ვაუჩერის დაფინანსება ჯამურად 7 904 500 ლარით შემცირებულია, ხოლო ბიუჯეტის პროექტში მითითებულია, რომ ვაუჩერის გაცემის წესს თბილისის მთავრობა დაადგენს. ასე რომ, კვლავ ძალაში რჩება შეკითხვა, ხომ არ მოხდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში არარეგისტრირებული სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის ვაუჩერის შემცირება. არ არის გათვალისწინებული მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობა 70000 სარეიტინგო ქულამდე სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის. ჩვენი ამ შეთავაზების სანაცვლოდ, ,,ქართული ოცნება" უფასო მგზავრობის უფლებას ანიჭებს ყოფილ პატიმრებს, რაც საზოგადოების ამ ჯგუფებისადმი მათი დამოკიდებულების ნათელი მაჩვენებელია. რაც შეეხება საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის უფასო მგზავრობის უფლების მინიჭებას, ეს ჩვენი აქტიური მოთხოვნის შედეგია, თუმცა გაუგებარია რა ნიშნით განასხვავა დავით ნარმანიამ ისინი სკოლის პედაგოგებისაგან, რომელთათვის უფასო მგზავრობის შეთავაზება ბიუჯეტიდან მხოლოდ 730 000 ლარის გამოყოფას საჭიროებდა", - ნათქვამია საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის არც ყოველთვიური დანამატი პენსიონერებზე. "არსებული ინფლაციისა და ფასების ზრდის ფონზე მნიშვნელოვანი იყო ასაკით პენსიონერებისათვის ყოველთვიური 10 ლარიანი საპენსიო დანამატის დაწესება 2015 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე, როდესაც უკვე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას პენსიის ზრდაზე. თუმცა არც ესაა გათვალისწინებული ბიუჯეტით. თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის თანახმად, 2015 წლის შემოდგომიდან თბილისის ბაგა-ბაღებში შესაძლებელი იქნება 55 000 ბავშვის მიღება, თუმცა რეალურად, დღეისათვის, საჭიროა კიდევ მინიმუმ 10 000 ადგილი. თბილისის მერიას ჩვენ შევთავაზეთ, რომ სანამ სხვადასხვა პრობლემების გამო ბავშვები რჩებიან საბავშვო ბაღის გარეშე და მშობლები ამით გამოწვეული მწვავე პრობლემების პირისპირ, 2015 წლის სექტემბრიდან შემოვიღოთ ყოველთვიური 100 ლარიანი ვაუჩერი თითოეულ ბავშვზე (სწორედ ამდენი იხარჯება ერთ აღსაზრდელზე თვეში მუნიციპალურ საბავშვო ბაღში). აღნიშნული, ერთი მხრივ, მომავალ წელსვე მოაგვარებს მშობლებისთვის პრობლემას და უფრო ეფექტურად აღმოფხვრის საბავშვო ბაღებში ადგილების დეფიციტს, ხოლო მეორე მხრივ, გამოიწვევს კერძო საბავშვო ბაღების სისტემის განვითარებას და ამ სფეროში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას", - ნათქვამია საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია ეკონომიკის მიმართულებით მმართველი გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს დაპირებები თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში არ არის ასახული. "მიუხედავად ამ მიმართულებით წინასაარჩევნოდ გაკეთებული დაპირებებისა, მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა მომავალ წელს 3 372 700 ლარით შემცირდება და მხოლოდ 2 627 300 ლარით დაფინანსდება. შეფერხებული ეკონომიკური ზრდისა და გაზრდილი უმუშევრობის ფონზე, აბსოლუტურად გაურკვეველია ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან გამოსაყოფი ისედაც მწირი თანხების კიდევ უფრო შემცირება. იმავდროულად ხაზგასასმელია, რომ შეწყდა და აღარ გრძელდება ქალაქის ისტორიული ნაწილის ავარიული შენობებისგან გათავისუფლების, იქ მცხოვრები მოსახლეობის საბინაო პირობების გაუმჯობესებისა და ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამა ,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე". ფაქტია, რომ ქალაქის ცენტრში, მის ისტორიულ ნაწილში მრავალი მწვავედ ავარიული სახლია. ქალაქში სამშენებლო ბიზნესისა და უძრავი ქონების ბაზრის განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ისტორიული ცენტრის რეაბილიტაციის, ავარიული საცხოვრებელი შენობებში მაცხოვრებელი მოსახლეობის საბინაო პრობლემების მოგვარების მიზნით, ჩვენ შევთავაზეთ დავით ნარმანიას თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ყოფილიყო პროგრამა თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრულ არეალში (თბილისის ისტორიულ ნაწილში) ავარიული შენობების (რომლებიც გამაგრებას აღარ ექვემდებარება) ადგილზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. ამის პასუხად, განსაკუთრებით გაუგებარი და თვალთმაქცურია, დეველოპერული მეწარმეობისთვის 500 000 ლარის გამოყოფა. ნათელია, რომ ასეთი მწირი ბიუჯეტის დახარჯვა არაეფექტური და უშედეგო იქნება და ამას სჯობს, საერთოდ არ არსებობდეს მსგავსი პროგრამა", - ნათქვამია განცხადებაში.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, ნაცვლად ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამებისა, მომავალ წელს 227 ერთეულით იზრდება მერიის სისტემაში მომუშავეთა რიცხოვნობა (164 ერთეულით უშუალოდ მერიაში მომუშავეთა რიცხოვნობა, რაც მხოლოდ სახელფასო ფონდის ზრდას იწვევს დაახლოებით 3 500 000 ლარით); 2015 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან შედარებით 3 040 200 ლარით იზრდება უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დაფინანსება, რაც 2014 წლის ბიუჯეტთან შედარებით 1 429 900 ლარით მეტია; 1 000 000 ლარით იზრდება მერის სარეზერვო ფონდი, რისი დასაბუთებაც გაუგებარია; ფრაქციის წევრების ინფორმაციით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტში 1 000 000 ლარია გამოყოფილი შენობების მხატვრული მინათების ახალი წერტილების მოსაწყობად.

"საზოგადოებას ახსოვს, რომ მიმდინარე სეკვესტრირებული ბიუჯეტიდანაც კი დაგეგმილია მილიონ ლარამდე დახარჯვა კანცელარიისა და შსს-ს ერთ-ერთი შენობის მხატვრული მინათებისთვის და როგორც ჩანს, მინისტრების ესთეტიკური სიამოვნებისათვის ზრუნვა მომავალ წელსაც აქტიურად გაგრძელდება. ეს და ბევრი სხვა ზედმეტი ხარჯი, ასევე მერიის მუშაობის არაეფექტურობა, რაც მათ ბიუჯეტის კიდევ უფრო მეტად გაზრდის შესაძლებლობას არ აძლევს მომავალ წელს მნიშვნელოვნად დააზარალებს თბილისელებს, რომლებიც ზემოაღნიშნულ სერვისებს ვერ მიიღებენ", -ნათქვამია საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.