Wizz Air-მა შესაძლოა, მიმდინარე ფინანსური წელიც ზარალით დაასრულოს

ევროპული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air მიმდინარე ფინანსური წლით უკმაყოფილოა. თავის განცხადებაში, რომელსაც სააგენტო Reuters-ი ავრცელებს, უნგრული ავიაკომპანია მომავალ ზარალს არ გამორიცხავს, რასაც ბიზნესის აღდგენის მეტად ნელი ტემპი იწვევს.

Wizz Air-ის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ვარადი აცხადებს, რომ ეს მეტად იაფი ავიაგადამყვანი კიდევ ერთ „გარდამავალ წელს“ შეეჩეხება. როგორც ცნობილია, 31 მარტს დასრულებულ წინა ფინანსურ წელიწადში ავიაკომპანიამ 576 მლნ ევროს (703 მლნ დოლარის) ზარალი ნახა.

„თუკი შეზღუდვები სწრაფად არ მოიხსნა, 2022 წელსაც სუფთა ზარალი გვექნება,“ - აცხადებს ვარადი.

თუმცა ამჟამად ავიაკომპანიას 43 მოქმედი ან გამოცხადებული საავიაციო ბაზა აქვს, რაც პანდემიამდე 25 იყო. ამასთან, გასულ წელს Wizz Air-მა ძლიერი ფულადი პოზიცია ახალი, უფრო ეფექტიანი თვითმფრინავების შესაძენად გამოიყენა, რომლებიც მას, ფრენების სრულმასშტაბიანი აღდგენის შემთხვევაში, კონკურენტულ უპირატესობას გაუმყარებენ. 2020 წლის ბოლოსთვის მის ფლოტს 16 თვითმფრინავი დაემატა და 137-მდე გაიზარდა.

ავიკომაპანიაში აცხადებენ, რომ პირველ კვარტალში პანდემიამდელი სიმძლავრის მხოლოდ 30%-ს იყენებენ, ხოლო მთლიან გრაფიკს Wizz Air მხოლოდ 2022-2023 ფინანსურ წელს დაუბრუნდება. ავიაკომპანიის მონაცემებით, ფინანსური წლის განმავლობაში ზარალმა, საწვავის ჰეჯირების დეფიციტის გამოკლებით, 482 მლნ ევრო შეადგინა, შემოსავალი კი 73%-ით, 739 მლნ ევრომდე შემცირდა. 31 მარტის მდგომარეობით, ლიკვიდურობამ 1,617 მლრდ ევრო შეადგინა. ამასთან, წლის ბოლო კვარტალში კომპანიამ მთლიანობაში 84 მლნ ევრო დახარჯა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ