მერიისგან დახმარებას კერძო საბავშვო ბაღებიც ითხოვენ - „160 კერძო ბაღიდან, ბაზარზე მხოლოდ 60-მდე დარჩა“

ვთვლი, რომ მერიამ, როგორც საბავშო გასართობი ცენტრებისთვის გამოყო რესურსი, ანალოგიური ფორმით უნდა მოხდეს ჩვენს სექტორზეც - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას საგანმანათლებლო (კერძო საბავშვო-ბაღების) ასოციაცია “ნათის” აღმასრულებელმა დირექტორმა გიგი სისვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა კარგია, თუმცა კერძო ბაღებს სხვა დახმარებაც სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ იწყებს განაცხადების მიღების მეორე ეტაპს „სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ პროგრამის ფარგლებში. პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: სესხის თანადაფინანსებას, სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებას, მიკრო სესხის თანადაფინანსებას. განაცხადების მიღება 11 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს.

,,ჩვენ „აწარმოე საქართველოსგან“ დეკემბერში მივიღეთ პროგრამა, რომლითაც სესხის პროცენტი 80%-ით სუბსიდირდებოდა. ეს პროგრამა არ აღმოჩნდა ეფექტური. ჩვენთან ერთად სპორტული კლუბებიც მონაწილეობდნენ პროექტში. სულ 95 განაცხადი შევიდა, აქედან 25 დაკმაყოფილდა, ბაღების წილი კი მაქსიმუმ 7-8 იყო. კრიტერიუმები იყო მკაცრი და შუძლებელი იყო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების მიღება.

შემდგომ უკვე ჩვენ ჩავრთეთ ბიზნეს ომბუდსმენი, არაერთი წერილი მივწერეთ ეკონომიკის სამინისტროს და ეს, ახალი დაფინანსების მოდელი არის ძალიან კარგი და ეფექტური ეკონომიკური სუბიექტებისთვის, ვინც მძიმე და სავალალო მდგომარეობაში ვართ. 160 კერძო ბაღიდან ბაზარზე მხოლოდ 60-მდე დარჩა“, - განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ სისვაძემ.

მისივე თქმით, სექტორზე მერიის დახმარებაც უნდა გავრცელდეს.რომლითაც პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად დედაქალაქის მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებს 5 000 ლარით დახმარება. ასოციაცია გეგმავს ამ თხოვნით, მერს მიმართოს.

,,თბილისის მერი გამოვიდა და განაცხადა, რომ ეხმარება საბავშვო გასართობ ცენტრებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა. მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად უნდა ჰქონოდათ კომუნიკაცია ჩვენს სექტორთანაც, რომლებსაც არავითარი დახმარება არ მიგვიღია პანდემიის დროს მუნიციპალიტეტისგან. როცა საჯარო ბაღის ბენეფიციარები იღებდნენ ულუფას, მასწავლებლები კი ხელფასს, კერძო ბაღებზე კი არავითარი შეღავათი და დახმარება არ ყოფილა.

ჩვენ ვგეგმავთ, ქალაქის მერისთვის მიმართვას და დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით გამონაკლისს დაუშვებენ. სექტორისთვის თითოეული სტიმულატორიც კი ძალიან მნიშვნელოვნია. ამიტომ ვთვლი, რომ მერიამ, როგორც საბავშო გასართობი ცენტრებისთვის გამოყო რესურსი, ანალოგიური ფორმით უნდა მოხდეს ჩვენს სექტორზეც“, - განაცხადა გიგი სისვაძემ.

თამარ მუკბანიანი