თურქეთმა შავ ზღვაში გაზის მსხვილი საბადო აღმოაჩინა

თურქეთში შავი ზღვის ბუნებრივი რესურსების საძიებო სამუშაოების დროს ბუნებრივი გაზის მსხვილ საბადოს მიაკვლეს. ახალი აღმოჩენის შესახებ განცხადება ქვეყნის მთავრობამ გააკეთა. ინფორმაციას Deutsche Presse-Agentur (dpa) ავრცელებს.

პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა განაცხადა, რომ მბურღავმა გემმა - Fatih-მა ახლახან საკარიას საბადოზე 135 მილიარდი კუბამეტრის გაზის საბადო აღმოაჩინა. თურქეთი შავი ზღვის ენერგორესურსების დაზვერვას მრავალი წელია, ეწევა. მას საკუთარი ენერგორესურსები აღარ ყოფნის და იძულებულია, ძირითადი ნაწილის იმპორტი განახორციელოს. პრეზიდენტის თქმით, მთავრობის ამოცანაა, ახალი საბადოდან შიდა ბაზარზე გაზი 2023 წლისთვის შეიტანოს. თუმცა ექსპერტები აფრთხილებენ, რომ მოპოვებითი სამუშაოების დაწყებას რამდენიმე წელი და რამდენიმე მილიარდი დოლარი დასჭირდება.

გასული წლის აგვისტოში თურქეთმა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი საბადო გახსნა, რომელიც 405 მლრდ კუბური მეტრის ბუნებრივი გაზის მოცულობისაა. შავი ზღვის გარდა, თურქეთი ნახშირწყალბადების საძიებო სამუშაოებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილშიც ეწევა, რის გამოც მას NATO-ს წევრ ქვეყანასთან, საბერძნეთთან საზღვაო საზღვრის შესახებ დავა აქვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ