რუსეთმა 2020 წელს 15 მილიარდი დოლარის სამხედრო შეიარაღება გაყიდა

2020 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციიდან 15 მილიარდი დოლარის ოდენობის შეიარაღების ექსპორტი განხორციელდა. შეკვეთების პორტფელმა კი 50 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სამსახურის უფროსმა დმიტრი შუგაევმა განაცხადა.

„ჩვენ შევასრულეთ ყველაზე მთავარი, წინა წლის მაჩვენებელი. გვაქვს 15 მილიარდ დოლარზე მეტის ექსპორტი, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 102%-ია“, - განაცხადა შუგაევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე.

მანვე დასძინა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეკვეთების პორტფელმა 50 მილიარდ დოლარს მიაღწია“.

მისივე თქმით, რუსეთმა მსოფლიოს 51 ქვეყანაში გაიტანა საკუთარი წარმოების იარაღი, მეტწილად ეს მოხდა აზიისა და აფრიკის რეგიონში. მანვე აღნიშნა, რომ რუსული იარაღის შესყიდვისას მათი პარტნიორები აწყდებიან სერიოზულ წნეხს კონკურენტი ქვეყნების მხრიდან და რომ ეს სფერო ძალიან მაღალკონკურენტულია და რუსეთს უწევს რთულ პირობებში კონკურენცია. რაც შეეხება ქვეყნებს, რუსული იარაღის ყველაზე მსხვილ შემსყიდველებს შორის არიან ინდოეთი, ჩინეთი, ალჟირი, ეგვიპტე და თურქეთი.

რაც შეეხება პროდუქციას, ექსპორტის 45% მოდის ავიაციაზე, მესამედი მოდის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე, ხოლო 15% ქვეით ტექნიკაზე. დანარჩენი - ეს არის საზღვაო და სხვა პროდუქცია.

კოკა კვირკველია