ავსტრალიის ხელისუფლებამ ქვეყნის უმსხვილესი ბანკი ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა

ავსტრალიის ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის წინააღმდეგ ეროვნული კანონმდებლობის სერიოზული დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კანონი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მუხლებს შეიცავს. ავსტრალიის ეროვნულ ბანკში (NAB) განაცხადეს, რომ სახელმწიფო საანგარიშო-ანალიტიკური ტრანზაქციების ცენტრმა (AUSTRAC) კლიენტების იდენტიფიცირების სფეროში და მათ ფინანსურ ანალიზში ბანკის მხრიდან დარღვევები გამოავლინა.

AUSTRAC-მა ავსტრალიის ეროვნულ ბანკს შეატყობინა, რომ გამოვლენილია სერიოზული დარღვევები კანონმდებლობის დაცვის კუთხით, რომელიც ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას არეგულირებს. პიროვნების იდენტიფიკაციის პროცედურებში მნიშვნელოვანი ხარვეზებია, რაც კლიენტებს საშუალებას აძლევს, კანონს გვერდი აუარონ.

თავის მხრივ, NAB-ში აცხადებენ, რომ ბანკის შესაბამისი სამსახურები AUSTRAC-თან აქტიურად თანამშრომლობენ და მზად არიან, ყველა საჭირო ზომა მიიღონ.

ავსტრალიურმა ფინანსურმა მარეგულირებელმა ანალოგიური უწყება გაუგზავნა კომპანია Crown Resorts-საც, რომელიც ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში კაზინოებსა და სასტუმროებს ფლობს. უწყება მიიღო სათამაშო ბიზნეს-კომპანია SkyCity-მაც, რომელიც ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ოპერირებს. მარეგულირებელს ამ კომპანიების წინააღმდეგ სანქციები ჯერჯერობით არ დაუწესებია.

გასულ წელს ავსტრალიის ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ-საკრედიტო ორგანზაცია Westpac-ში, ასევე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კანონდარღვევა გამოვლინდა. ბანკს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარიმის - 1,3 მილიარდი ავსტრალიური დოლარის (996 მლნ აშშ დოლარის) გადახდა მოუწია. ორი წლით ადრე ანალოგიური კანონის დარღვევისთვის 700 მლნ ავსტრალიური დოლარით (536,3 მლნ აშშ დოალრით) ბანკი Commonwealth Bank of Australia დაჯარიმდა.

კოკა კვირკველია