,,არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ფასების შემცირება სწრაფად მოხდება“ - რა შემთხვევაში დაიწყება პროდუქტის გაიაფება

,,არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ფასების შემცირებას სწრაფად მოხდება“ - ასე ეხმაურება დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას.

,,ეროვნული ვალუტის მიმართ, ნდობა რომ ნაკლებია, ეს ფაქტია. ჩვენ წინა პერიოდშიც გვინახავს უფრო ადეკვატური მასშტაბის, მაგრამ კურსის დაბლა სვლა. ახლა ეს არაადეკვატური სიჩქარით მოხდა. ამას გამყარებას არავითარ შემთხვევაში არ დავარქმევ. გაურკვეველი რამ ხდება. არაკომპეტენტური და არასერიოზული იყო სებ-ის პრეზიდენტის განცხადებაც, რომ მოლოდინები ამყარებს ლარს. რა მოლოდინები არსებობდა ახლა?

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ლარის მიმართ ნდობა არ არსებობს. პროცესს დააკვირდებიან ბიზნეს ოპერატორები და შესაბამისად იმოქმედებენ, მაგრამ ეს ვერ მოხდება სწრაფად. კარგი ტენდენცია იქნება ის, რომ მეტად ფასები არ გაიზრდება და ვისაც რაღაც რესურსი და ლუფტი ექნებათ, ზაფხულის პერიოდში გაყიდიან სააქციო ფასებში. წინ ზაფხული გველოდება და ყველას კარგად მოგვეხსენება ჩვენი ქვეყანა არჩევნებიდან-არჩევნებამდე ცხოვრობს. ამიტომ, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს სიტუაცია სტაბილურად გაგრძელდება.

თუ ლარი 3.20-იან ნიშნულს არ გადასცდა, ფასების კლებას მომხმარებელი 2-3 თვეში იგრძნობს. იქამდე შესაძლებელია ფასები იმ პირველადი დანიშნულების პროდუქტზე შემცირდეს, რაც ყველაზე სწრაფად იყიდება. ძირითად პროდუქტზე კი ამას დრო დასჭირდება. როცა კომპანია სხვადასხვა მიზეზით ფასს აძვირებს, ამასაც დრო უნდა - 2 კვირიდან 1 თვემდე ჭრილში. კლებას კი კომპანიები მოეკიდებიან უფრო ფრთხილად. დასაკომპენსირებელია გაზრდილი ელექტრო მატარებლების ხარჯიც. გამყარებული ლარი ბიზნესს ხარჯებს დაუკომპენსირებს.

ამ წუთას არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ფასების შემცირება სწრაფად მოხდება“, - აცხადებს ჭყონია ,,საქმეში“.

ცნობისთვის, 8 ივნისისთვის დადგენილი კურსით, ლარი დოლართან მიმართებით 3.15-ია.

თამარ მუკბანიანი