საზღვაო გადაზიდვები 50-300%-ით გაძვირდა - გაუწევს თუ არა კონკურენციას რკინიგზა ზღვას

საზღვაო გადამზიდებს უკვე უწევენ კონკურენციას სარკინიგზო გადამზიდები - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ "ჯორჯიან ტრანს ექსპედიციას“ გენერალურმა დირექტორმა ზვიად ჩხარტიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ამის მიზეზი კონტეინერების გაძვირებაა, კერძოდ, იანვრიდან დღემდე ევროპიდან ტვირთის საზღვაო გადაზიდვები 50%-ით, აზია-ჩინეთიდან კი 250-300%-ით გაძვირდა.

ზვიად ჩხარტიშვილის თქმით, მიზეზი ქვეყნებს შორის სავაჭრო დისბალანსია და ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება, როდის დაუბრუნდება, ან დაუბრუნდება თუ არა ფასები პირვანდელ ნიშნულს.

,,საქართველოზე, როგორც მსოფლიოს საზღვაო გადაზიდვების ნაწილზე, რა თქმა უნდა, ვრცელდება ის ტენდენციები, რომელიც ამ სფეროში არის, თუმცა ჩვენთან ფასის ზრდის ასახვა მეტი იყო, რადგან ჩვენთან შემოდის ე.წ ფიდერები. ამიტომ დეფიციტის პირობებში, ყველა ცდილობს, ძირითად პორტებს შორის იყოს ბრუნვა, რადგან დროულად დაბრუნდეს ცარიელი კონტეინერები, ჩვენ კი ამ შემთხვევაში პერიფერია ვართ. ჯერ შემოდის სტამბულის პორტში და მხოლოდ შემდეგ იქედან ნაწილდება საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენი მიმართულება ძალიან გაჭირდა.

ამ ყველაფრის ფონზე, საზღვაო გადამზიდებს უკვე უწევენ კონკურენციას სარკინიგზო გადამზიდები. ეს ჯერ ცდის ეტაპზეა, თუმცა შემდეგში მაქვს მოლოდინი, რომ თანაფარდი კონკურენცია იქნება.

რაც შეეხება ზოგადად ფასებს, იანვრიდან დღემდე, ევროპიდანაც საგრძნობლად მოიმატა ფასმა, მინიმუმ 50%-მდეა ზრდა. გაცილებით მასშტაბურია ფასის ზრდა ჩინეთიდან - 250-300%-ს აღწევს. ბუნებრივია, ეს გამოწვეულია კოვიდით და ლოქდაუნებით, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში იყო, რომლებიც სავაჭრო პარტნიორები არიან. პანდემიასთან თანაცხოვრება ყველაზე უცებ ჩინეთის ეკონომიკამ ისწავლა და ყველაზე ადრე გამოცოცხლდა მისი ექსპორტი. ახლა სავაჭრო დისბალანსია სახეზე, როცა ეს აღარ იქნება და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება ევროპისა და ამერიკის ეკონომიკები, წესით ფასები უნდა დასტაბილურდეს, თუმცა მაღალმა ფასმა შეჩვევა იცის და თუ კერძო კომპანიებს შორის, ძალიან დიდი კონკურენცია არ იქნება, შეიძლება კლება არც კი მოხდეს, მიუხედავად სხვადასხვა ფაქტორებისა“, - განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ზვიად ჩხარტიშვილმა.

ცნობისთვის, 2021 წლის 4 თვეში საზღვაო გზით ტვირთბრუნვა გაიზარდა და 1,532 მლრდ დოლარი შეადგინა, ეს კი თითქმის 10%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან ზღვით სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 1,391 მლრდ დოლარი იყო.

თამარ მუკბანიანი