კახა კალაძის განცხადებით, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, დამეწყრილი უბნის მუდმივი საყრდენი კედლით გამაგრების სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, დამეწყრილი უბნის მუდმივი საყრდენი კედლით გამაგრების სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ადგილზე მუდმივი 80 მეტრი სიგრძის და 5 მეტრი სიმაღლის ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა.

კალაძის განმარტებით, სამუშაოები 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„იცით, რომ მიმდინარე წლის მარტში ბაგები-წნეთის გზაზე, სანამ „კაკლების დასახლების“ გადასახვევამდე მივალთ, მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება, უსაფრთხოების მიზნით, გადაუდებელი წესით ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო ყოფილიყო ამ კონკრეტულ გზაზე გადაადგილება. ახლა გვაქვს შემდეგი ეტაპი, შეუძლებელია ისე დავტოვოთ არსებული მდგომარეობა, მომდევნო ეტაპზე, დამეწყრილი ფერდის საფუძვლიანად გამაგრებისთვის გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, გამარჯვებული კომპანია გვყავს, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ამ ადგილზე მუდმივი 80 მეტრი სიგრძის და 5 მეტრი სიმაღლის ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა, ეს სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ყველანაირად უსაფრთხო იქნება კონკრეტული გზის მონაკვეთი“, - განაცხადა კალაძემ.