აშშ-ში უსაფრთხო მგზავრობის აღდგენისთვის სამუშაო ჯგუფები შეიქმნება

ბაიდენის ადმინისტრაცია კანადასთან, მექსიკასთან, ევროკავშირთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად სამუშაო ჯგუფებს შექმნის, რომ 15-თვიანი პანდემიური შეზღუდვების შემდეგ ორმხრივი მგზავრობა უსაფრთხოდ აღადგინოს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მსოფლიოს ძირითადი ქვეყნებიდან აშშ-ში ჩასვლის აკრძალვაზე ადმინისტრაცია გადაწყვეტილების ნაჩქარევად გაუქმებას არ აპირებს, რადგან სამუშაო ჯგუფებს საქმიანობისთვის დრო დასჭირდებათ. თეთრმა სახლმა ავიაკომპანიები და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფების შექმნაზე საქმის კურსში უკვე ჩააყენა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფების ნებისმიერი გადაწყვეტილება „მთლიანად იქნება დაფუძნებული მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების ობიექტურ ანალიზსა და რეკომენდაციებზე.“

სამუშაო ჯგუფებს უხელმძღვანელებენ თეთრი სახლის კოვიდზე რეაგირების ჯგუფი და ეროვნული უშიშროების საბჭო. მასში ჩაერთვებიან დაავადების კონტროლის ცენტრი და აშშ-ს სხვა სააგენტოები.

გუშინ ამერიკის დაავადების კონტროლის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომ 110 ქვეყანაში, მათ შორის კანადაში, მექსიკაში, იაპონიაში, სამხრეთ აფრიკასა და ირანში სამოგზაურო რეკომენდაციებს არბილებს, მაგრამ ყველანაირი კოვიდშეზღუდვა ძალაში რჩება. ცენტრის დირექტორი, როშელ ვალენსკი აცხადებს, რომ აშშ-ში შემოსვლის შეზღუდვები, რომლებიც 2020 წლიდან მოქმედებს, უწყებათაშორისი მოლაპარაკების საგანია და ამ მხრივ წინსვლა მხოლოდ რეალურ მონაცემებზეა დამოკიდებული.

ბაიდენის ადმინისტრაცია ზოგიერთმა კანონმდებელმა გააკრიტიკა, რომ სახმელეთო შეზღუდვების გამო კანადის საზღვართან მცხოვრები აშშ-ს სათვისტომოები ეკონომიკურ სირთულეებს აწყდებიან. შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ ავიაკომპანიებიც, რადგან დიდი ბრიტანეთის, ევროპის შენგენის ზონის 26 ქვეყნის, ირლანდიის, ჩინეთის, ინდოეთის, სამხრეთ აფრიკის, ირანისა და ბრაზილიის მოქალაქეები აშშ-ში სამოგზაუროდ ვერ ჩადიან. ასევე, აკრძალულია მექსიკასა და კანადასთან სახმელეთო საზღვის გადაკვეთა ისეთი მგზავრობებისთვის, თუკი გადაუდებელი არაა და ე.წ. მეორეხარისხოვანია.

Airlines for America-ს სავაჭრო ჯგუფი, რომელშიც American Airlines, Delta Air Lines, Southwest Airlines და სხვა ავიაკომპანიებია გაერთიანებული, სამუშაო ჯგუფების შექმნას მიესალმა. თუმცა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ჯგუფებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ და სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს აშშ-ში ჩასვლის საშუალება მალე მისცენ.

„აქ გასაღები მხოლოდ სწრაფი მოქმედებაა,“ - აცხადებენ Airlines for America-ში.

დროულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს ავიაკომპანია United Airlines, რომელშიც იმედოვნებენ, რომ სამუშაო ჯგუფები შედეგს მეტად დაძაბული საზაფხულო სეზონის წინ დადებენ.

„მგზავრობების სწრაფად აღდგენის სტრატეგია როგორც ტურისტების, ისე ეკონომიკურ ინტერესებში შედის,“ - აცხადებენ ავიაკომპანიაში.

ორშაბათს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის სამგზავრო რეისების მქონე ყველა ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და ორივე ქვეყნის მთავრობას ტრანსატლანტიკურ მგზავრობებზე შეზღუდვების გაუქმებისკენ მოუწოდა. ისინი არ მოელიან, რომ თეთრმა სახლმა, სულ მცირე,4 ივლისამდე შეზღუდვები მოხსნას, რადგან ადმინისტრაცია სულ უფრო მეტი ამერიკელის ვაქცინირებას ცდილობს.

სამუშაო ჯგუფების შექმნას მიესალმა აშშ-ს მოგზაურთა ასოციაციაც.

„სამთავრობო და კერძო სექტორის ერთობლივ მიზნობრივ ჯგუფებს შესწევთ ძალა, სწრაფად შეიმუშაონ საერთაშორისო მგზავრობების აღდგენის გეგმა, რომ შეიქმნას სტბილური სამუშაო ადგილები და აღდგეს ეკონომიკა,“ - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ