საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები დაასახელა

საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სამი საგრანტო პროგრამა ჰქონდა გამოცხადებული, რომელზეც, საერთო ჯამში, 1,816,000 ლარი გამოიყო.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა გამართა.

ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საგრანტო პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტების ბაზაზე ორი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (ფაბლაბი) უნდა შეიქმნას საინჟინრო და კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით. ფაბლაბები აღჭურვილი იქნება უახლესი დაზგა-დანადგარებით (3D პრინტერებით, 3D სკანერებით, ლაზერული მჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებით, სხვა დანადგარებით), კომპიუტერული ტექნიკით და პროგრამული უზრუნველყოფით. ფაბლაბში ღია წვდომის საშუალება ექნებათ როგორც სტუდენტებს, ასევე ნებისმიერ ფიზიკურ პირს. ლაბორატორიაში მათ შეეძლებათ ციფრულ ფორმატში შექმნილი სასურველი ტექნოლოგიური პროდუქტის მატერიალიზაცია და დაზგა-დანადგარების გამოყენებით პროტოტიპის შექმნა.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება 3 ინოვაციების ლაბორატორიის ფორმირება კერძო სექტორის ჩართულობით. ინოვაციების ლაბორატორიების შექმნის მიზანია უნივერსიტეტების ბაზაზე პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების განხორციელება, კერძო ბიზნესის და საგანმანათლებლო დაწესებულების მჭიდრო თანამშრომლობისთვის პლატფორმის ჩამოყალიბება. ინოვაციების ლაბორატორიები შეიქმნება მობილური აპლიკაციების, კომპიუტერული თამაშების ასევე კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების მიმართულებით.

ასევე გამოცხადებული იყო მინიგრანტების პროგრამა, რომლის მიზანია ინოვაციური იდეების კომერციალიზაციის ხელის შეწყობა.

გამარჯვებულები არიან: 1) სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) ფორმირება საინჟინრო მიმართულებით ფაბლაბის კონკურსში მიღებული იყო 2 საგრანტო განაცხადი ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებისა და დამოუკიდებელი საგრანტო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამარჯვება მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. კრეატიული მიმართულებით ფაბლაბის კონკურსში წარმოდგენილი იყო 3 საგრანტო განაცხადი სამხატვრო აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ. საერთაშორისო ექპერტების შეფასებისა და დამოუკიდებელი საგრანტო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამარჯვება მიენიჭა სამხატვრო აკადემიას.

2) ინოვაციების ლაბორატორიის ფორმირება კერძო სექტორის ჩართულობით

კომპიუტერული თამაშების მიმართულებით ინოვაციების ლაბორატორიის შესაქმნელად გამარჯვება მოიპოვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და StormBringer Studios ერთობლივმა განაცხადმა. StormBringer Studios აქვს ვირტუალურ რეალობაზე მუშაობის გამოცდილებაც, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ლაბორატორიის სტუდენტებისათვის. უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი გეგმის თანახმად, ლაბორატორიას კავშირი ექნება უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ცენტრთან და ახალგაზრდა მკვლევართა კლუბთან.

კომპიუტერული გრაფიკის და ვიზუალური ეფექტების მიმართულებით ინოვაციის ლაბორატორიის შესაქმნელად საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და კომპანიების - Easysoft, CG Lab-ის საერთო პროექტმა გაიმარჯვა. კომპანიამ ლაბორატორიისთვის გამოყო Autodesk-ის მიერ სერტიფიცირებული ტრენერები კონსულტაციების უზრუნველყოფისათვის. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ინსტიტუტს აქვს გამოცდილება მედია ხელოვნებისა და გრაფიკული დიზაინის სწავლების მიმართულებით.

მობილური აპლიკაციების მიმართულებით - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, Leavingstone და "ჯეოსელის" საერთო პროექტი დასახელდა გამარჯვებულად. აღნიშნული განაცხადი ამერიკულ უნივერსიტეტებთან კარგი კავშირის გარდა, გამოირჩევა ლაბორატორიისთვის გამოყოფილი სივრცის სიდიდით და კომფორტულობით. მას ახლოს აქვს კაფე და სამედიცინო პუნქტი. გარდა ამისა, მისთვის გამოყოფილია 2 დიდი ოთახი სამუშაოდ და 1 დამატებითი ოთახი სალექციო შეხვედრებისათვის. ლაბორატორიის წევრებისათვის უზრუნველყოფილი იქნება საბარათე დაშვების სისტემა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარტნიორი კომპანიები Leavingstone და "ჯეოსელი" ლაბორატორიისთვის დამატებით 54 000 აშშ დოლარის ინვესტიციას გამოყოფენ.

3) მინი გრანტების საგრანტო კონკურსი. კონკურსის მიზანია ინოვაციური იდეების კომერციალიზაციის ხელის შეწყობა. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში სულ 148 განაცხადი იქნა მიღებული, რომელთაგანაც საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის საფუძველზე დამოუკიდებელმა საგრანტო კომისიამ გამოავლინა 17 გამარჯვებული, რომელთაგან თითოეული კონკურსანტი ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით 50 000 ლარამდე გრანტს მიიღებს.

სააგენტოს მიერ დაფინანსებული იქნება პროექტები საინფორმაციო ტექნოლოგიების, მიკროელექტრონიკის, ბიოტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის, ახალი მასალების, ფარმაცევტიკის და განახლებადი ენერგეტიკის მიმართულებით.

საგრანტო საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, თანადაფინანსების ფონდის დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანია UGT-ის დირექტორი გიორგი მაისურაძე.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მომავალ წელსაც აპირებს მსგავსი საგრანტო კონკურსის გამოცხადებას და სამრეწველო-ინოვაციური ლაბორატორიების რეგიონებში დანერგვას.