ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 2-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარა

განვითარებულ ქვეყნებში ნავთობზე მოთხოვნის ზრდის მოლოდინის ფონზე, ნავთობის ფასებმა დღეს ზრდა გააგრძელა. იმავდროულად, ფასების ზრდას ხელს ის გარემოებაც უწყობს, რომ ბაზარზე ირანის დაბრუნების პერსპექტივა შემცირდა, რადგან აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ თეირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა მოსალოდნელი არაა.

ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა, დღევანდელი სესიის დასაწყისში, 72.83 დოლარს (უმაღლესი მაჩვენებელი 2019 წლის 20 მაისის შემდეგ) მიაღწია, თუმცა შემდეგ კორექცია დაიწყო და 72.42 დოლარამდე ჩამოვიდა.

აშშ-ის დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასი ჯერ 70.62 დოლარამდე გაიზარდა, რაც 2018 წლის 17 ოქტომბრის შემდეგ, უმაღლესი მაჩვენებელია. კორექციის შემდეგ, ფასმა 70.23 დოლარამდე დაიწია.

„გავრცელებული რწმენა იმისა, რომ წლის მეორე ნახევარში ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება, ფასების მატებას უწყობს ხელს“, - ნათქვამია მსოფლიოში ნავთობით მოვაჭრე უდიდეს ბროკერ PVM-ის ანალიტიკოსთა ანგარიშში.

ტრაფიკის მონაცემები ცხადყოფს, რომ პანდემიური შეზღუდვების შერბილების და მოხსნის კვალად, მოგზაურები სულ უფრო მეტად აქტიურდებიან. „ANZ რისერჩის“ მიერ სანავიგაციო სისტემის შესწავლამ აჩვენა, რომ 15 ევროპულ ქალაქში, მოძრაობის ინტენსივობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

აშშ-ის ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაციის პროგნოზით, შეერთებულ შტატებში, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მომხმარებელია, წელს ქვეყანაში ნავთობის მოხმარება გაიზრდება. ამავე პროგნოზის შესაბამისად, დღიური მოხმარება 1.49 მილიონ ბარელამდე გაიზრდება. შედარებისთვის, წინა პროგნოზით, დღიური მოხმარება 1.39 მილიონი ბარელი უნდა ყოფილიყო.

ნავთობის ფასის ზრდას აფერხებს ის გარემოება, რომ ბაზარი ირანისთვის სანქციების მოხსნის მოლოდინშია. ამ შემთხვევაში, ბაზარზე ირანული ნავთობი დაბრუნდება, რაც მიწოდების ზრდას გამოიწვევს. ირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, დასავლეთთან მოლაპარაკებას აგრძელებს და არსებობს იმის შანსი, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, სანქციები გაუქმდება.

მაგრამ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ირანი და დასავლეთი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმდებიან, ამ შემთხვევაშიც, თეირანზე ასობით სანქცია, რომლებიც აშშ-ის მიერ არის შემოღებული, ძალაში დარჩება.