აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მუშახელის სიმცირეა

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკების გაჯანსაღების პროცესი იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ეკონომისტები ვარაუდობდნენ. იზრდება წარმოება და ისევ აქტუალური ხდება მუშახელის ნაკლებობა, რომელიც ამ რეგიონისთვის, ჯერ კიდევ პანდემიამდე იყო დამახასიათებელი.

მუშახელის და სპეციალისტების ნაკლებობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ აღმოსავლეთ ევროპიდან, დასავლეთში ინტენსიური ემიგრაცია წლების განმავლობაში გაგრძელდა. ახლა კი, რეგიონში ეკონომიკური ბუმია, რასაც მუშახელზე მოთხოვნის ზრდა მოჰყვა. შესაბამისად, იზრდება ხელფასები და ინფლაცია. ამის გამო, ჩეხეთის და უნგრეთის ცენტრალური ბანკები იძულებულნი არიან, თავიანთ ვალუტებზე (შესაბამისად, კრონა და ფორინტი) საპროცენტო განაკვეთები გაზარდონ.

ინვესტიციების ზრდის და ევროკავშირის მიერ ფულის ბეჭდვის ფონზე, სამრეწველო, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სამშენებლო კომპანიები, თანამშრომლების მიზიდვას ინტენსიურად ცდილობენ.

ევროსტატის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნებიდან, აპრილში უმუშევრობის ყველაზე მცირე დონით, ჩეხეთი (3.4 პროცენტი), უნგრეთი (4.3 პროცენტი) და პოლონეთი (3.1 პროცენტი) გამოირჩეოდნენ. იმავე თვეში, ამ ქვეყნებში წლიური ინფლაცია უნგრეთსა (5.2 პროცენტი) და პოლონეთში (5.1 პროცენტი) იყო.

ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით, უნგრეთის ბანკი ივნისის მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე, ფორინტზე საპროცენტო განაკვეთს, სავარაუდოდ 0.6 პროცენტით გაზრდის. ამგვარად, უნგრეთი გახდება ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას დაიწყებს. პარალელურად, ჩეხეთის ცენტრალური ბანკის მმართველ ირჟი რუსნოკს ნათქვამი აქვს, რომ ქვეყნის ეკონომიკას, რბილი მონეტარული პოლიტიკა აღარ სჭირდება. განაკვეთის ზრდა, ამ ცენტრალური ბანკის განხილვის საგანი გახდება.