ბაიდენმა WeChat-ისა და TikTok-ის აკრძალვაზე ტრამპის ბრძანებები გააუქმა

Reuters-ის ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა დღეს ტრამპის დროინდელი ბრძანებები გააუქმა, რომლებიც ჩინური WeChat-ის, TikTok-ისა და მსგავსი აპლიკაციების გადმოწერა-გამოყენებას კრძალავდა. ბაიდენმა ვაჭრობის დეპარტამენტს დაავალა, შეისწავლოს, ქმნიან თუ არა ასეთი აპლიკაციები ეროვნული უსაფრთხოების პრობლემას და ანგარიში 120 დღეში წარმოადგინოს.

თუმცა ბაიდენის ამ გადაწყვეტილებამდე აშშ-ს სასამართლოებს ტრამპის ბრძანებები შეჩერებული ჰქონდათ და ამიტომ ისინი ძალაში არ შესულან. წინა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობდა, ახალი მომხმარებლებისთვის ჩინური აპლიკაციები დაებლოკა და სასამართლო გადაწყვეტილებებს ასაჩივრებდა. თუმცა იანვარში ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს თხოვნით სააპელაციო სარჩელების განხილვა შეწყდა.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ TikTok-ის ცალკეული რესურსები აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემად რჩება და ამიტომ მათი შეზღუდვები ძალაში დარჩება. ასეთია, მაგალითად, ამ აპლიკაციის მომხმარებელთა მონაცემები, რომლებიც კონფიდენციალურობის რისკებს შეიცავს.

დღეისთვის ამერიკელი მომხმარებლების მიერ აპლიკაცია WeChat 19 მილიონჯერ არის გადმოწერილი და ფართოდ გამოიყენება გადახდების, თამაშებისა და სხვა სერვისებისთვის, TikTok-ს კი აშშ-ში 100 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. დონალდ ტრამპმა WeChat-ის და TikTok-ის აკძალვაზე ბრძანებულებას აგვისტოში მოაწერა ხელი, ხოლო იანვარში კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა კომუნიკაციისა და ფინანსური ტექნოლოგიის 8 პროგრამული აპლიკაციის შეზღუდვის შესახებ. Ant Group's-ის, Alipay-ის, Tencent Holdings-ის, Wallet-ის, WeChat pay-ისა და სხვა აპლიკაციებით ჩინოვნიკებს ტრანზაქციების განხორციელება აეკრძალათ. ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ WeChat-ისა და TikTok-ის საშუალებით ჩინეთის მთავრობა ამერიკელი მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს აგროვებდა.

თებერვალში კორპორატიული სპონსორები TikTok-ს დაუბრუნდნენ. მაგალითად, General Motors-ის ფლაგმანურ ბრენდ Chevrole-მ აპლიკაციაზე რეკლამის განთავსება განაახლა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ