პარტიას, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო დაფინანსება დაკარგა, დაფინანსების უფლება აღუდგება

პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო დაფინანსება დაკარგა, დაფინანსების უფლება აღუდგება. ამასთან, ამ პოლიტიკურ პარტიას ყველა ის თანხა მიეცემა, რომელსაც ის მიიღებდა, დაფინანსების უფლება რომ არ დაეკარგა.

შესაბამისი მუხლი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონს ემატება.

„პარტიებს, რომლებმაც წნეხის, ბულიგნის თუ სხვა გარემოების გამო კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების რეპრესიებს თავი ვერ დააღწიეს და ცესკოს დაფინასებაზე არ მიმართეს, საშუალებას ვაძლევთ, დაფინანსება აღუდგეთ და ამ პერიოდში მისაღები თანხა მიეცეთ. ამ შემთხვევაში კანონს პოზიტიური უკუძალა გააჩნია“, - განმარტა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტი მეორე მოსმენით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს იხილავს. პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის შემდეგი ფორმით არის წარდგენილი: - პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანების მიღების უფლებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

ამასთან, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.