„უკრაინიდან ფაქტობრივად „ბუმია“ - კიდევ რომელი ქვეყნებიდან ინტერესდებიან ქართული გასტრო-ტურიზმით

პოსტ-პანდემიურ ვითარებაში, საქართველოს გასტრო-ტურიზმმა დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ბიუჯეტიანი ტურისტული მიმართულება, რომელზეც განსაკუთრებული მოთხოვნა უკრაინიდან წამოვიდა. უცხოელ ვიზიტორებს შორის ასევე არიან, საფრანგეთიდან, ბალტიის ქვეყნებიდან, იაპონიიდან და აშშ-დან.

„პოსტ-პანდემიურ მდგომარეობაში ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა გასტრონომიულ ტურიზმზე. განსაკუთრებით დიდია ინტერესი რეგიონებზე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ჩვენ გვაქვს გასვლები ქალაქგარეთ.

უკრაინიდან წამოვიდა ძალიან დიდი მოთხოვნა. ასევე, საფრანგეთიდან, ბალტიის ქვეყნებიდან, იაპონიიდან და ამერიკიდან. მიკავშირდებიან ყოველდღიურ რეჟიმში და აინტერესებთ სოფლის მეურნეობის და გასტრო-ტირიზმის მიმართულება ერთად. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინიდან, ფაქტობრივად, „ბუმია“. მაგალითად, 2019 წელს უკრაინის ბაზარი საკმაოდ შემცირებული იყო და წელს პირიქით, ყველაზე დიდი ინტერესი მათგან მოდის.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ გასტრონომია უფრო გადამხდელუნარიანი ვიზიტორებისთვისაა, რადგან ეს მიმართულება ნიშურია და ბიუჯეტური არ არის. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან დიდი მოთხოვნაა“,- აცხადებს ქეთი კვიჭიძე.

ნინი ქეთელაური