ვერტიკალურად აფრენა-დაფრენის ელექტროთვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია მალე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გამოჩნდება

ბრიტანული კომპანია Vertical Aerospace, რომელიც ვერტიკალურად აფრენა-დაფრენის ელექტროთვითმფრინავებს აწარმოებს, საკონტროლო ფირმა Broadstone Acquisition Corp-თან შერწყმისთვის ემზადება. ფინასნური გარიგების ღირებულება 2,2 მლრდ დოლარია, რის შემდეგაც Vertical Aerospace აშშ-ს საფონდო ბირჟაზე საჯარო კომპანია გახდება. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სააგენტო Reuters ავრცელებს.

Vertical Aerospace-ის ერთ-ერთი ინვესტორი ავიაგიგანტი American Airlines-ია. კომპანიას 1000-მდე წინასწარი შეკვეთა აქვს ვერტიკალურად აფრენა-დაფრენის ელექტროთვითმფრინავების (electric vertical takeoff and landing aircraft-eVTOL) დასამზადებლად. მისი სასტარტო კლიენტები არიან როგორც American Airlines, ისე კომპანია Avolon. ეს უკანასკნელი მსოფლიოში სიდიდით მესამე ირლანდიური სალიზინგო ავიაკომპანიაა, რომლესაც ე.წ. ავიატაქსების კომერციულ მცირე ჯეტებში 2 მლრდ დოლარამდე აქვს ჩადებული. ავიატაქსები მზარდი ბიზნესია და ისეთი გიგანტები, როგორებიც Airbus და Boeing არიან, მათ სერიოზულ კონკურენციაზე საუბრობენ. Avolon-ის გენერალური დირექტორი დომნალ სლეტერი აცხადებს, რომ Vertical Aerospace-ის ელექტროთვითმფრინავ VA-X4-ის ფრენის არეალი 120 მილია, თუმცა მისი 400-500 მილამდე გაზრდა უკვე შესაძლებელია.

„ეს თვითმფრინავები მალე მოძველებული ვერტმფრენებს შეცვლის. ისინი 100-ჯერ უფრო ჩუმი და ნულოვანი გამონაბოლქვით არიან,“ - აცხადებს სლეტერი.

მისი თქმით, Avolon-მა კომპანია Vertical Aerospace-ს 1,25 მლრდ დოლარის ღირებულების 310 ერთეული eVTOL და 750 მლნ დოლარის 190 ოპციონი (სხვა მოდელი) შეუკვეთა. დომნალ სლეტერი ვარაუდობს, რომ მაშინ, როცა ავიაკომპანიები ეკოლოგიის დღის წესრიგში ლიდერობისთვის იბრძვიან, მომავალი ნულოვანი გამონაბოლქვის თვითმფრინავების კომერციას ეკუთვნის.

იგივეს აცხადებენ Vertical Aerospace-ში. კომპანიას აქვს ამბიცია, ავიაინდუსტრიას ნულოვანი გამონაბოლქვით ნახშირბადის შემცირების მიღწევაში დაეხმაროს. თუმცა კომპანიას უსაფრთხოების სერტიფიკაციის ვადებთან დაკავშირებით ჯერჯერობით გაურკვეველი მდგომარეობა აქვს. Vertical Aerospace-ში მოელიან, რომ ასეთი სერთიფიკატი 2024 წლისთვის ექნებათ. სწორედ ეს წელი დაასახელა მაისში ავიაუსაფრთხოების სფეროში ევროპის მარეგულირებელმა სამსახურმაც, რომელიც ევროპის რეგიონში პირველი მფრინავი ელექტროტაქსების გამოჩენას 2024 წლისთვის ვარაუდობს.

Vertical Aerospace-ისა და Broadstone Acquisition-ის ფინანსური გარიგება მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიხურება, რის შემდეგაც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Vertical Aerospace-ის აქციები „EVTL“ ტიკერის ქვეშ გამოიფინება. American Airlines-ისა და Avolon-ის გარდა, Vertical Aerospace-ში საჯარო კაპიტალის გარიგებით კერძო ინვესტიციები კომპანია Honeywell-მა და Rolls-Royce-მაც განახორციელეს. მისი ინვესტორები, ასევე, არიან Microsoft-ის ვენჩურული ფონდი - M12, საინვესტიციო მენეჯერი - 40 North და ვენჩურული კაპიტალის ფირმა - Rocket Internet.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ