გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თემაზე „ქალები თანასწორი ბიზნესისთვის“ PechaKucha ღონისძიება გაიმართა

11 ივნისს, სასტუმრო „სტამბაში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ახალგაზრდა მეწარმე ქალებმა საკუთარი გამოცდილება აუდიტორიას PechaKucha ფორმატით გაუზიარეს. ღონისძიების ორგანიზატორი თბილისის სტარტაპ ბიურო, მხარდამჭერები კი გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ფრიდრიხ ნიუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია და თიბისი ბიზნესისთვის იყვნენ.

ღონისძიებაში 6 ქართველი მეწარმე ქალი მონაწილეობდა. თითოეულმა მათგანი საკუთარ 6-წუთიან პრეზენტაციაში, საქმიანობის წარდგენასთან ერთად, სტუმრებს უამბო, თუ რატომ არის თემა „ქალები თანასწორი ბიზნესისთვის“ მნიშვნელოვანი, აქტუალური, საინტერესო და შთამაგონებელი. აღსანიშნავია, რომ მონაწილეების უმეტესობამ ბიზნესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მხარდაჭერით დაიწყო ან განავითარა. მონაწილეებს შორის არიან თიბისის პროგრამა სტარტაპერის ბენეფიციარი ქალებიც.

PechaKucha Nights არის პლატფორმა, რომლის დახმარებითაც ინოვატორები, მეწარმეები და ცვლილებების ინიციატორები აუდიტორიას საკუთარ იდეებზე, პროექტებსა და ნამუშევრებზე უყვებიან. იგი ტოკიოში, 2003 წელს, ახალგაზრდა დიზაინერებმა წამოიწყეს და დღეს უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში იმართება. ღონისძიების ფორმატი მონაწილეებისგან 20 ვიზუალისგან შემდგარი პრეზენტაციის წარდგენას ითვალისწინებს, თითოეულზე სასაუბროდ კი მათ მხოლოდ 20 წამი აქვთ.

,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გარემოს მოსახლეობის ფონდის ანალიტიკოსი, ანა ფაშალიშვილი ამბობს, რომ პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალი მეწარმეების განვითარებაზე ზრუნვა.

,,PechaKucha საერთაშორისო ფორმატია, თავად სიტყვა კი, იაპონურად ჭორაობას ნიშნავს. ქალ მეწარმეთა გაერთიანების კომპონენტი ფერმერთა ასოციაციასთან ერთად 2017 წლიდან გვაქვს. სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში გაიმართა ეს ღონისძიებაც.

მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია კოვიდ პანდემიის დროს, რადგან ქალ მეწარმეთა მდგომარეობა ისედაც რთულია კაცებთან შედარებით და პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მეტად დამძიმდა და მნიშვნელოვანი გახდა ამ თემებზე საუბარი. პანდემიის დროს საშინაო შრომა და წნეხი ქალებს დააწვათ, განსაკუთრებულად მას შემდეგ, რაც სკოლები და ბაღები დაიხურა. კვლევებით რაც ვნახეთ, ქალ მეწარმეებს ბევრად მეტი ბიზნესის დახურვა მოუწიათ ვიდრე კაცებს“,- განაცხადა ანა ფაშალიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2017 წლიდან მუშაობს. ეს საქმიანობა ბიზნესის დაწყებისა და სტარტაპების წახალისებას, მეწარმეობის განვითარებას, შესაბამისი ცოდნისა და უნარების გაძლიერებას, მცირე გრანტების გაცემასა და სხვა ინიციატივებს მოიცავს. PechaKucha Night-ის მხარდაჭერაც სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილია.

თამარ მუკბანიანი