,,ბანკმა სესხის ბოლო ტრანში სასაცილო მიზეზის გამო არ მოგვცა“- „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი სასტუმროს გაფართოებას ვერ ასრულებს

„აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი, თელავში მოქმედი სასტუმრო „ზუზუმბო“ გაფართოებას ვერ ასრულებს. მიზეზი კომერციული ბანკის მიერ სესხის ბოლო ტრანშზე უარის თქმა გახდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სასტუმროს მფლობელი შალვა ორკოდაშვილი აცხადებს, ,,ჩვენი სასტუმრო 2015 წლიდან ფუნქციონირებს. ნელ-ნელა გავზარდეთ მასშტაბი. ახლა, სასტუმრო 42 ნომერს აერთიანებს თავისი დარბაზით. უცხოელ სტუმრებს ვთავაზობთ გასტრონომიულ ტურიზმს. ძირითადად ვთანამშრომლობდით ტურისტულ კომპანიებთან, თუმცა როგორც ყველასთვის, ჩვენთვისაც შეწყდა სტუმრების მიღება.

ინვესტიცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. ბოლოს, „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები გავხდით. შარშანწინ გვქონდა 20 ნომერი და მასშტაბის გაზრდის მიზნით გვერდზე ვიყიდეთ ნაკვეთი და გავაფართოვეთ სასტუმრო. 800 000 ლარი დაგვიმტკიცა ბანკმა სესხის სახით, რომელიც ტრანშებით გამოგვქონდა და ბოლო ნაწილი აღარ მოგვცეს. იმედი აღარც მაქვს, რომ მოგვცემენ. მიზეზი არის ძალიან სასაცილო - გვითხრეს, რომ პანდემიაა და სტუმრები არ გეყოლებათო. ამ დროს, 3 წლის განმავლობაში „აწარმოე საქართველოში“ გვიხდის პროცენტს. ძალიან უკმაყოფილო ვარ ბანკის პოლიტიკით. ხვალ, ტურისტების შემოდინება რომ ჩვეულ რეჟიმში დაიწყოს, მე ფაქტობრივად, დაუსრულებელი და მოუვლელი ეზო მექნება“, - აცხადებს სასტუმრო ,,ზუზუმბოს" მფლობელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

„ბიზნესპრესნიუსი“ „ზუზუმბოს“ პრობლემის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაუკავშირდა. მათ პოზიციას პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

თამარ მუკბანიანი