Samsung-ი კეცვადი სმარტფონების პრეზენტაციისთვის ემზადება

კომპანია Samsung Electronics აგვისტოში ახალ კეცვად სმარტფონ Galaxy Z Fold3-სა და Galaxy Z Flip3-ს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმირებულმა წყარომ სააგენტო Yonhap-ს განუცხადა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პრეზენტაცია Galaxy Unpacked ონლაინ ღონისძიების დროს შედგება, რის შემდეგაც ახალი სმარტფონები სერიულ წარმოებაში ჩაეშვება.

კომპანია ოფიციალურ განცხადებას ჯერ არ აკეთებს, თუმცა სააგენტოს წყარო ვარაუდობს, რომ კეცვად სმარტფონებზე კამერები უშუალოდ დისპლეის ქვეშ განთავსდება და S-Pen სტილუსის მხარდაჭერა ექნება. მოელიან, რომ ახალი მოწყობილობები, წინამორბედებთან შედარებით, უფრო მსუბუქი და იაფი იქნება.

სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, ამავე პრეზენტაციაზე Samsung გეგმავს, წარმოადგინოს სმარტ-საათები Galaxy Watch4 და უსადენო ყურსასმენები Galaxy Buds 2.

კოკა კვირკველია