გასულ წელს ქვეყანაში 194 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა

2020 წელს საქართველოში 194 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონშია (55.2 პროცენტი) განთავსებული.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია კახეთის რეგიონში (13.9 პროცენტი), თბილისში (7.2 პროცენტი), ქვემო ქართლის (6.2 პროცენტი), აჭარის (5.2 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (5.2 პროცენტი), იმერეთის (3.6 პროცენტი), გურიის (2.1 პროცენტი) და მცხეთა-მთიანეთის (1.5 პროცენტი) რეგიონებში.

„2020 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 524 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 673 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 497 კაცით განისაზღვრა.

2020 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 308.1 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 56.2 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 14.3 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 12.6 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 12.4 პროცენტი - თევზეული, 2.1 პროცენტი რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 2.4 პროცენტი უკავია:

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2020 წლის განმავლობაში შესყიდულია 32.3 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 19.7 მლნ. ლარი შეადგინა. 2020 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 217.7 მლნ. ლარის ღირებულების (68.0 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (36.8პროცენტი) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების.

ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 64.6 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (45.9 პროცენტი), პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (29.5 პროცენტი) და თევზეული (10.4 პროცენტი) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 11.9 პროცენტი უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს თევზეული, ხილი, ბოსტნეული და ქათმის ხორცი წარმოადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 61.9 პროცენტს, თებერვალში - 61.9 პროცენტს, მარტში - 67.0 პროცენტს, აპრილში - 69.5 პროცენტს, მაისში - 72.3 პროცენტს, ივნისში - 66.8 პროცენტს, ივლისში - 66.6 პროცენტს, აგვისტოში - 62.6 პროცენტს, სექტემბერში - 54.4 პროცენტს, ოქტომბერში - 61.2 პროცენტს, ნოემბერში - 62.5 პროცენტს, ხოლო დეკემბერში - 59.6 პროცენტს. სამაცივრე მეურნეობების 53.4 პროცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია ნაწილობრივ, 36.8 პროცენტი - სრულად, ხოლო 9.8 პროცენტი საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების მხოლოდ 66.3 პროცენტი. აქედან, 25.8 პროცენტს სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 67.2 პროცენტს საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 7.0 პროცენტს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის,“-ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი