„საყდრისის კომიტეტი" ახალ კამპანიას - „ჩემი ხმა ვარძიას" იწყებს

ჩემი ხმა ვარძიას! საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი" იწყებს ახალ კამპანიას - „ჩემი ხმა ვარძიას", რომელიც მიზნად ისახავს ვარძიისთვის, როგორც ევროპის რჩეული ძეგლისთვის ხმების მობილიზებას.

მათივე ცნობით, კლდეში ნაკვეთ ქალაქ ვარძიის საკონსერვაციო პროექტმა, როგორც წლის საუკეთესო პროექტმა 25 მაისს მიიღო ორგანიზაცია "ევროპა ნოსტრას" აღიარება და გახდა გამარჯვებული, ახლა ჯერი კიდევ ერთ პრიზზე - ევროპის „საზოგადოების რჩეულზეა", რომელსაც "ევროპა ნოსტრა" ხმის მიცემით გამოავლენს.

„2021 წლის 23 სექტემბერს, პარიზის კონგრესის სასახლეში ევროპის რჩეული ძეგლი გამოვლინდება, თუმცა მანამდე ვარძია მთავარი პრიზის მოსაპოვებლად ბრძოლას იწყებს.

მოგიწოდებთ, 5 სექტემბრის ჩათვლით ვუგულშემატკივროთ და ჩვენი ხმა მივცეთ ვარძიას. ხმის მიცემა ➡ https://vote.europanostra.org/

ხმის მიცემის ბოლო ვადაა 2021 წლის 5 სექტემბერი; ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ. „ჩემი ხმა ვარძიას" - ფარგლებში „საყდრისის კომიტეტი" სექტემბრამდე სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს.

2019 წლის ივნისში „საყდრისის კომიტეტმა" დაიწყო კამპანია - „ჩემი ხმა მუცოს", რომელიც მიზნად ისახავდა მუცოსთვის, როგორც ევროპის რჩეული ძეგლისთვის ხმების მობილიზებას.

2019 წლის 29 ოქტომბერს პარიზში, კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე, ციხე-სოფელი მუცო ევროპის "საზოგადოების რჩეული" ძეგლი გახდა. კამპანია „ჩემი ხმა მუცოს" ფარგლებში ივნისიდან სექტემბრამდე „საყდრისის კომიტეტმა" ხმა მიაწვდინა 84,393 ადამიანს.

პოსტერი შექმნილია სპეციალურად კამპანიისთვის - "ჩემი ხმა ვარძიას" (ავტ - თეონა ბექაური)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.