H&M-ის გაყიდვები 5,59 მლრდ დოლარამდე გაიზარდა

მსოფლიოში მოდური ტანსაცმლის მეორე უმსხვილესი რიტეილერი, შვედური კომპანია H&M კვარტალურ ბრუნვას მკვეთრად ზრდის. თუმცა შემოსავალი 2019 წლის დონეს ჯერჯერობით მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მონაცემები თავად კომპანიამ გამოაქვეყნა, რომელსაც სააგენტო Reuters ავრცელებს.

მეორე ფინანსურ კვარტალში H&M-ის სუფთა გაყიდვები, შარშანდელთან შედარებით, 62%-ით, ხოლო ადგილობრივ ვალუტაში 72%-ით ანუ 46,5 მლრდ კრონამდე (5,59 მლრდ დოლარამდე) გაიზარდა. ფინანსური მონაცემების შემსწავლელი კომპანია Refinitiv-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები მანამდე სუფთა გაყიდვების 66%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ. 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, კომპანიის სუფთა გაყიდვები 19%-ით შემცირდა.

წინა კვარტალში კოვიდპანდემიის შეზღუდვების გამო მსოფლიოში H&M-ის 5 000 მაღაზიიდან 4 000 დაკეტილი იყო.

„ონლაინ გაყიდვები ძალიან კარგად ვითარდებოდა. ეს მაშინაც ხდებოდა, როცა მაღაზიები გაიხსნა. მყიდველები კოლექციებს აფასებენ და შესყიდვებს ყველანაირი ხელმისაწვდომი არხებით განაგრძობენ,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

1-13 ივნისის პერიოდში H&M-ის გაყიდვები ადგილობრივ ვალუტაში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35%-ით, ხოლო 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა. 13 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოში დროებით დახურული H&M-ის მაღაზიების რაოდენობა 180-ია, რაც მარტის დასაწყისში - 1300, მაისის ბოლოს კი 140 იყო.

მეორე კვარტლის მოგება-წაგების სრულ ანგარიშს H&M 1-ელ ივლისს გამოაქვეყნებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ