ირაკლი მექვაბიშვილი - "საქართველოს რკინიგზაში" წელს აუდიტის განხორციელება არ იგეგმება

გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რკინიგზაში აუდიტის სამსახურის რაიმე ტიპის აუდიტით შესვლა მოსალოდნელი არ არის.

როგორც ამ კონტექსტში მექვაბიშვილმა განმარტა, წლიური გეგმა შედგენილია და წელს აუდიტის სამსახურის პრიორიტეტი კოვიდთან დაკავშირებული აუდიტებია.

მისივე თქმით, აუდიტის სამსახური შესამოწმებელ სახელმწიფო ორგანიზაციებს შეზღუდული რესურსებისა და რისკებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის გათვალისწინებით არჩევს.

"რკინიგზასთან ხანგრძლივი სასამართლო პროცესი გვქონდა. ამ ეტაპზე ეს პროცესები დასრულებულია. რკინიგზის აუდიტორი არის დიდი ოთხეული. ფაქტიურად, რკინიგზას ყოველწლიურად დიდი ოთხეულიდან გარე აუდიტი ამოწმებს. ერთ-ერთი მოტივაცია იმისა, თუ რატომ უტარდება რკინიგზას ეს აუდიტი, არის ის, რომ მათ აქვთ საერთაშორისო ვალდებულება ბონდების სახით. სასამართლო პროცესები დასრულებულია. ჩვენ წლევანდელ გეგმაში რკინგზა ვერ შევიტანეთ, რადგან წელს თავიდან ბოლომდე ე.წ. კოვიდ აუდიტებზე ვკოცენტრირდებით და გვექნება ექვსი აუდიტი, რომელიც პანდემიას უკავშირდება. ჩვენ შეგვიძლია რკინიგზაში იმ ტიპის აუდიტები ჩავატაროთ, რაც ჩვენს მანდატშია და რასაც სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში ვატარებთ", - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

გენერალურმა აუდიტორმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს უწყების ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.