კრიპტოვალუტის მწარმოებლის მიერ ელექტროენერგის მოხმარება 500%-ზე მეტით გაიზარდა - რა მოცულობის დენს ხარჯავენ პირდაპირი მომხმარებლები

საქართველოში პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის ხარჯი გაიზარდა.

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკით, 2021 წლის მაისში პირდაპირმა მომხმარებლებმა ჯამში 283.093 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25,8%-ით მეტია, შარშან მაისში ამ მაჩვენებელმა 224.910 მლნ კვტ-სთ შეადგინა.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად, თითქმის 534%-ით გაიზარდა კრიპტოვალუტის მწარმოებელი კომპანიის "ბი ეფ დი სის" (Bitfury Georgia) მიერ მოხმარებული დენის მოცულობა. კერძოდ, თუ შარშან მაისში Bitfury Georgia-მ 6.356 მლნ კვტ-სსთ ელექტროენერგია დახარჯა, წელს მაისში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ 40.342 მლნ კვტ-სთ შეადგინა. შარშან მაისში ელექტროენერგია არ მიუღია კრიპტოვალუტის კიდევ 2 მწარმოებელ "ჯეომეინთენანსს" და „დატა ჰაბს“, თუმცა 2021 წლის მაისში ორივემ ერთად 9.677 მლნ კვტ.სთ დენი მოიხმარეს, "ჯეომეინთენანსმა“ 8.126 მლნ კვტ.სთ და „დატა ჰაბმა“ 1.551 მლნ კვტ.სთ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 კომპანიას, რომელთაც 2021 წლის მაისში ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგია მოიხმარეს:

  • "ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა" - 107.793 მლნ კვტ.სთ;
  • "ბი ეფ დი სი" (Bitfury Georgia) - 40.342 მლნ კვტ-სთ;
  • "რუსთავის აზოტი" - 21.871 მლნ კვტ.სთ;
  • „ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია" -19.507 მლნ კვტ.სთ;
  • "რუსთავის ფოლადი" - 15.817 მლნ კვტ.სთ
  • "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" - 15.674 მლნ კვტ.სთ;
  • "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" - 12.225 მლნ კვტ.სთ;
  • "ჯი თი ემ გრუპი" - 11.020 მლნ კვტ.სთ
  • "ჯეოსთილი" - 9.675 მლნ კვტ.სთ;
  • "ჯეომეინთენანსი" - 8.126 მლნ კვტ.სთ

საერთო ჯამში, 2021 წლის მაისში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 23,9%-ით გაიზარდა. კერძოდ, ესკოს სტატისტიკით გასულ თვეს ქვეყანაში სულ მოიხმარეს 1186.452 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია, 2020 წლის მაისში კი ეს მაჩვენებელი 957.299 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენდა.