რატომ ვერ იწყებს „ეარ ჯორჯია“ ტრანსკონტინენტალურ ფრენებს - „სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი სერთიფიკატი“

ქართული ავიაკომპანია „ეარ ჯორჯია“ ტრანსკონტინენტალური ფრენების დაწყებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი კოდუა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამის მიზეზი ის სერტიფიკატია, რომელიც საქართველოს არ გააჩნია. შეგახსენებთ, რომ თბილისიდან ტრანსატლანტიკური და ტრანსკონტინენტალური ფრენების დაწყებას ,,ეარ ჯორჯია“ ივლისიდან აანონსებდა.

„ტრანსკონტინენტალურ ფრენებთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დოკუმენტაციის განხილვა გაიწელა. თვითმფრინავი უკვე იტალიაშია საფრენ მდგომარეობაში და დაახლოებით 1 თვეში იქნება თბილისში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ტრანსატლანტიკურ რეისებს უახლოეს ვადაში ვერ დავიწყებთ, რადგან სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი სერთიფიკატი. ამის გამო, საქართველოდან და საქართველოში ვერ შესრულდება ოკეანის მიღმა რეისები. ცხადია, ეს არ არის იმის გამომწვევი, რომ ვერ ვიფრინოთ სხვა, შორ რეისებზე და გვექნება კიდეც, ჩინეთის და ბანგკოკის მიმართულებით ფრენა. მოლაპარაკება გვაქვს სეულთანაც, სადაც ახლა ფრენები გაჩერებულია პანდემიის გამო, შემდეგ კი ელჩთან მოლაპარაკებით ვგეგმავთ რეისების დაწყებას.

ჩვენ, ვმუშაობთ ევროპული რეგულაციებით, ამაზე ვართ ადაპტირებული და გვაქვს უფლება ევროპაში ვიფრინოთ. აშშ-ს კი სხვა სტანდარტები აქვს, რაც ჩვენ არ გვაქვს. უფლების მოპოვებას შეტანიდან 160 დღე სჭირდება, რასაც ამზადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. კონკრეტული თარიღები ამ მომენტში განსაზღვრული არ არის, როდის ვიფრენთ ოკეანის მიღმა. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია, როდის გავივლით იმ ბიუროკრატიულ ნაბიჯებს, რაც საჭირო აღმოჩნდა. ეს მაქსიმუმ 6 თვეა, თუმცა გვაქვს იმედი, რომ განხილვის მაქსიმალურ ვადას არ გამოიყენებენ და 2-3 თვეში გვექნება შედეგი“ - განაცხადა გიორგი კოდუამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი