პირველი სოციალური კაფე ლანჩხუთში - როგორ შეძლო სტარტაპმა პანდემიური შეზღუდვების გადალახვა

სოციალური კაფე „ქეთოსთან“, რომელიც ლანჩხუთში 2020 წლის აგვისტოში, პანდემიის დროს გაიხსნა, რაიონში არაფორმალური შეხვედრებისთვის ერთადერთი ადგილია.

კაფეს მეპატრონე ქეთი წილოსანი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ (რეგულაციების გამო) რესტარტი რთული აღმოჩნდა. თუმცა ამბობს, რომ ზაფხულისთვის უფრო შემართებითაა.

,,2020 წლის აგვისტოში გავხსენით სოციალური კაფე ,,ქეთოსთან“, რომელიც ერთადერთი სივრცეა ლანჩხუთში ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ასევე, ეს არის ერთადერთი სივრცე მთელს რაიონში არაფორმალური შეხვედრებისათვის, სადაც იმართება ტრენინგები, შეხვედრები და ძალიან საინტერესო საღამოები.

გახსნიდან პირველი ორი თვე, დიდი ფურორი იყო. ელექტრონული მუსიკის საღამოები, 20-მდე შეხვედრა ჩავატარეთ და სტუმრების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავდა. თუმცა, როგორც ქვეყანას, ოქტომბრის დასაწყისიდან ჩვენს გაგვიჭირდა რეგულაციების გამო. მით უფრო, რომ ბიზნესი ახალი იყო. რამდენიმეთვიანი წყვეტის მერე, რთული იყო რესტარტი, თუმცა ისევ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით თავიდან გავიხსენით. დავამატეთ მიტანის სერვისი და ვემზადებით დიდი შემართებით ზაფხულისთვის“, - ამბობს ქეთი წილოსანი.

kafee12-1624010531.jpg

მისივე თქმით, ბიზნესი მთლიანად გრანტით და სესხით ფუნქციონირებს.

„თავიდან, როცა იდეა გავაჟღერე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ფონდი ,,ტასოს“ ერთობლივი ძალისხმევით მივიღე მცირე გრანტი 5 000 ლარი. შემდეგ ისევ ბანკის სესხით გავაგრძელე. ამის შემდეგ, გავხდი 2020 წლის მეწარმეობის კონკურსის გამარჯვებული და მიღებული გრანტი ტექნიკურ უზრუნველყოფას მოხმარდა. იქამდე, ნათხოვარი აპარატურით ვაკეთებდით საღამოებს. რთულ პერიოდში ვართ, მაგრამ იმედიანად.

ჩვენთან დღეს 10 ადამიანია დასაქმებული და აქედან 2 შშმ პირია. ჩვენი პარტნიორები ადგილობრივი ქალი მეწარმეები არიან, რომლებსაც სათბურები აქვთ და პროდუქტის ძირითადი ნაწილი მათია“, - განაცხადა ქეთი წილოსანმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი