ადგილობრივი მოსავლის რეალიზაციას იმპორტირებული პროდუქცია უშლის ხელს - რა ღირს საზამთრო

ქართველი ფერმერები, რომლებმაც საზამთროს მოსავლის აღება დაიწყეს, უჩვეულოდ გაზრდილი იმპორტის გამო შეწუხებული არიან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მარტსა და მაისში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზამთროს იმპორტი 4-ჯერ და მეტად გაიზარდა.

სოფლის მეურნეობის დარგის პორტალ EastFruit-ის შეფასებით, გაზრდილმა იმპორტმა და დაბალმა ფასებმა ადგილობრივ ბაზარზე უარყოფითად იმოქმედა. მაგალითად, კახელმა ფერმერებმა რამდენიმე დღის წინათ საზამთროს მოსავლის აღება დაიწყეს და თუ გასული წლის ამ პერიოდისთვის მათ კილოგრამზე 0,6 ლარს (0,2 დოლარს) უხდიდნენ, წელს კილო საზამთროს ფასი 0,5 ლარიდან (0,15 დოლარიდან) იწყებოდა და უკვე 0,45 ლარამდე (0,13 დოლარამდე) დაეცა.

„საზამთროს ბიზნესში მოგება, როგორც წესი, სეზონის დასაწყისზეა დამოკიდებული, რადგან სწორედ ამ დროს ყიდიან მწარმოებლები ადრეული საზამთროს მოსავალს შედარებით მაღალ ფასში. ადრეული საზამთროს მოყვანა უფრო მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა მას შემდეგ, რაც ფერმერები მოსავლის მასიურ აღებას დაიწყებენ, ფასები კიდევ უფრო დავარდება, ამიტომ გვიანდელი საზამთროს ფასზეც არანაირ იმედს არ ვამყარებთ,“ - განუცხადა EastFruit-ს კახელმა ფერმერმა, ელიზბარ კუბლაშვილმა, რომელსაც საზამთრო 20 ჰექტარ მიწაზე მოყავს.

მიმდინარე წლის მარტი-მაისში საქართველოში ირანიდან და თურქეთიდან 2589 ტონა საზამთროს იმპორტი განხორციელდა მაშინ, როცა გასულ წელს სულ 500 ტონამდე საზამთრო იქნა შემოტანილი.

„ეს ამ 3-თვიანი პერიოდის საზამთროს იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 8 წლის განმავლობაში, რაც მწარმოებელი ქვეყნების ბაზრებზე არსებულ ვითარებას უკავშირდება. მაგალითად, თურქულ საზამთროზე წელს ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნა შემცირდა, რადგან ბაზარი ბერძნულმა საზამთრომ დაიკავა და თურქულს კონკურენციაში აჯობა. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნებში ცივი ამინდებია, რაც საზამთროს მოთხოვნაზე უარყოფითად მოქმედებს. ცივ საზამთროს მაშინ უფრო მიირთმევენ, როცა ცხელა,“ - წერს EastFruit.

მოთხოვნასთან ერთად იკლო იმპორტირებული საზამთროს ფასმაც. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში შემოტანილი საზამთროს საშუალო ფასი კილოგრამზე 0,1 დოლარს შეადგენს, რაც შარშანდელ ამავე პერიოდის ფასთან (0,15 დოლართან) შედარებით, 50%-ით ნაკლებია.

EastFruit-ის ფასების მონიტორინგის მიხედვით, მაისის დასაწყისში ადგილობრივ საზამთროზე კილოგრამის ფასი, საშუალოდ, 1,5 ლარს (0,44 დოლარს) შეადგენდა, რაც ივნისის პირველ კვირაში განახევრდა და 0,7 ლარამდე (0,22 დოლარამდე) შემცირდა. გასულ კვირას კილოგრამ საზამთროს ფასმა კიდევ უფრო იკლო და ის 0,6 ლარი (0,20 დოლარი) გახდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ