ევროპის რომელ ქვეყანაში ვიმოგზაუროთ პანდემიის დროს? - ქვეყნები ევროკავშირში, სადაც ყველაზე ნაკლები შეზღუდვაა

კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმს საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა.

ქვეყნები, რომლებსაც მილიონობით ტურისტი სტუმრობდა, მნიშვნელოვანი შემოსავლის გარეშე დარჩნენ - წერს „ევრონიუსი“.

თუმცა ვაქცინაციის დაჩქარებასთან ერთად რიგმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ტურისტული სეზონი გაეხსნათ და სტუმრებს მეტ-ნაკლები შეზღუდვების ფონზე დახვედროდნენ.

თუ მიმდინარე ზაფხულს ევროპის ქვეყნების მონახულებას გეგმავთ, გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ყველაზე ნაკლები შეზღუდვაა.

იტალია

საერთაშორისო ვიზიტორებისთვის იტალიის საზღვრები ივნისის დასაწყისიდან გაიხსნა და სტუმრებს ქვეყნის საზღვარზე მხოლოდ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი სჭირდებათ.

ივნისის ბოლოსთვის იტალიაში დაგეგმილია რეგიონებს შორის გადაადგილების შეზღუდვის სრულიად მოხსნა, შედეგად იტალიის ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება პრობლემა აღარ იქნება.

იტალიაში კაფეები, ბარები, რესტორნები, სასტუმროები და თეატრები გახსნილია და ნორმების დაცვით მუშაობენ.

პირბადის ტარება სავალდებულოა, როგორც შენობებში, ასევე ღია სივრცეებში.

იტალიაში ამჟამად კომენდანტის საათია, თუმცა 21 ივნისიდან მისი გაუქმებაა დაგეგმილი.

საფრანგეთი

საფრანგეთში შესვლის მსურველებმა ქვეყნის საზღვარზე ევროკავშირის მიერ აღიარებული ვაქცინით აცრის ცნობა უნდა წარადგინონ

ამასთან, მათ მოეთხოვებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხის წარდგენა.

საფრანგეთში კომენდანტის საათი 23:00-დან იწყება, თუმცა რამდენიმე დღეში მისი მოხსნაც იგეგმება.

კაფეები და რესტორნები ნორმების დაცვით მუშაობენ.

პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში სავალდებულოა, თუმცა მიმდინარე თვის ბოლოს ღია სივრცეებზე არსებული შეზღუდვა შესაძლოა, გაუქმდეს.

ესპანეთი

ესპანეთის საზღვრები ღიაა ყველა საერთაშორისო ვიზიტორისთვის, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარეს.

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია რეგიონებზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ზოგიერთ რეგიონში ნაკლები შეზღუდვაა, ზოგ ადგილას კი მეტი.

რესტორნები, ბარები და კაფეები ნორმების დაცვით მუშაობენ. ქვეყანაში ღია სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარაა.

საბერძნეთი

საბერძნეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ტურისტებისთვის საზღვრები მაისიდან გახსნა.

ქვეყანაში საზღვრის გადაკვეთის უფლება აქვთ სრულიად ვაქცინირებულ და PCR ტესტის მქონე პირებს.

საბერძნეთში კაფეები, ბარები, რესტორნები, მუზეუმები და ტურისტული ობიექტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

გერმანია

ესპანეთის მსგავსად, გერმანიაში შეზღუდვები კონკრეტულ რეგიონზეა დამოკიდებული. ქვეყანაში სასტუმროები და რესტორნები ბიზნეს საქმიანობისთვის გახსნილია.

ბექა ბერიაშვილი