"დარწმუნებული ვართ, ერთ-ორ წელიწადში მთლიანად გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს და განვითარების აღმავალ ტრაექტორიას დავუბრუნდებით"

ჩვენი დღევანდელი გადმოსახედიდან, დარწმუნებულები ვართ, უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მთლიანად გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს და კვლავ დავუბრუნდებით განვითარების აღმავალ ტრაექტორიას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბორჯომში, უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიამ თავისი დაღი დაასვა ეკონომიკურ განვითარებას და როდესაც საუბარია უახლოეს ათწლიან გეგმებზე, აქვე პანდემიის დაძლევაზეცაა საუბარი.

თურნავას განცხადებით, სამინისტროების მიერ წარდგენილი გეგმები არა მხოლოდ ზოგად ამოცანას, არამედ ძალიან კონკრეტულ ქმედებებსა და რაოდენობრივ ინდიკატორს მოიცავს, თუ რომელ წელს რას უნდა მიაღწიოს ქვეყანამ.

„მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის დავალებით მთავრობა მუშაობს მართლაც უპრეცედენტო დოკუმენტებზე, რადგან ათწლიანი გეგმა ჩვენ არ დაგვიმუშავებია. ახლანდელი ვითარება, არსებული მაკროეკონომიკური სტაბილურობა და რეფორმების მიმართ შეუქცევადი დღის წესრიგი გვაძლევს საშუალებას, რომ ათწლიანი, საშუალოვადიანი გეგმით ვიაროთ, დავგეგმოთ კონკრეტული რაოდენობრივი მაჩვენებლები, თუ რას უნდა მივაღწიოთ 2025-2030 წელს. დღეს ასეთი პირველი საერთო განხილვა მოეწყო. თითოეულმა სამინისტრომ, თავისი უწყების მიხედვით, კონკრეტული გეგმები წარმოადგინა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ზოგად ამოცანას, არამედ ძალიან კონკრეტულ ქმედებებსა და კონკრეტულ საზომს, რაოდენობრივ ინდიკატორს, რომელ წელს რას უნდა მივაღწიოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.