„პანდემია არ გვიგრძვნია და ამ პერიოდში ბიზნესის გაზრდაც შევძელით“ -  რა ხდის განსაკუთრებულს ,,გარემო-ს“ რაჭაში

მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობდით, ბევრი სირთულე იქნებოდა, პანდემია არ გვიგრძვნია და ამ პერიოდში, ბიზნესის გაზრდაც შევძელით - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ამბროლაურში მდებარე საოჯახო სასტუმროს „გარემოს“ დამფუძნებელმა განუცხადა.

თამარ დავითულიანის თქმით, სასტუმრო სტუმრებს ოთხივე სეზონზე მასპინძლობს და მომხმარებლის მხრიდან ინტერესი დიდია.

ცნობისათვის, ამბროლაურის რაიონში საოჯახო სასტუმრო ,,გარემო" 2017 წლიდან ფუნქციონირებს.

,,2017 წლის მაისში გამოჩნდა „ასპარეზზე“ ჩვენი „გარემო“, რომელიც ჩემს ტყუპისცალთან და ჩემს მეუღლესთან ერთად შევქმენი. პირველ ეტაპზე, რადგან არანაირი ფინანსური შესაძლებლობა არ გვქონდა, დავიწყეთ თანხების მოძიება, მივიღეთ რამდენიმე პროექტში მონაწილეობა, სადაც გავიმარჯვეთ და გრანტის სახით გარკვეული თანხა გადმოგვცეს, რასაც დავამატეთ სესხი, რითაც მასალები, ავეჯი და ტექნიკა შევიძინეთ და რადგან ხელოსნების თანხა აღარ დაგვრჩა, მე და ჩემმა თანადამფუძნებლებმა, ჩვენი ხელით შევეჭიდეთ ყველაფრის კეთებას. დღეს ნამდვილად ბედნიერები ვართ და გვეამაყება, რომ თითოეული დეტალი, მშენებლობა, წყალგაყვანილობა, დიზაინი, ყველაფერი ჩვენი ხელით შევქმენით, მართალია, უამრავი შრომის ფასად, მაგრამ „გარემო“ ამად ღირდა.

გვიხარია, რომ იმის შესაძლებლობა გვაქვს, ოთხივე სეზონზე ვუმასპინძლოთ ჩვენთან ჩამოსვლის მსურველებს. მართალი გითხრათ, პირველ წელს, როცა გამოცდილება არ გვქონდა, ვიფიქრეთ, რომ ზამთრის პერიოდში შევაჩერებდით სტუმრების მიღებას, მაგრამ თავად ხალხის მხრიდან იმდენად დიდი დაინტერესება წამოვიდა, რომ გადავწყვიტეთ ზამთრის პერიოდშიც გვემუშავა და საახალწლოდაც ისეთი გარემო შეგვეთავაზებინა, სადაც ბავშვობას და საახალწლო ზღაპრებს „გააცოცხლებდნენ“.

ჩვენს გამორჩეულობას ის ფერადოვნება და უბრალოება ქმნის, რაც „გარემოშია“, ის უბრალოება, რომელიც ემოციებს აღვიძებს. ხანში შესულ სტუმარს ბავშვობაში აბრუნებს, ბავშვებს ზღაპრის სახლში ჰგონიათ ცხოვრობენ, თითოეული ვიზიტორი „გარემოს“ საკუთარ სახლად ითავისებს და იქმნება ბედნიერი, ოჯახური, მეგობრული ურთიერთობები, სადაც რეალური ურთიერთობები უპირველესი ხდება. ჩვენი დამოკიდებულებაა, რომ „გარემო“ ემოციაა და არა მხოლოდ ადგილი, სადაც ღამეს ათენებ. ვფიქრობ, ამის გამო გვირჩევს მომხმარებელი“-აცხადებს დავითულიანი.

მისივე თქმით, პანდემია სასტუმროს ფუნქციონირებაზე უარყოფითად არ ასახულა.

,,სწორედ მომხმარებლის დიდმა ინტერესმა გამოიწვია, რომ გავფართოვდით. ვახდენდით მიღებული შემოსავლის რეინვესიტირებას და 1 კოტეჯიდან და მოუწესრიგებელი სივრციდან ახლა გვაქვს, აუზი, გასართობი სივრცეები და კიდევ სამი კოტეჯი. იმის გამო, რომ ყველა სივრცე ერთმანეთისაგან იზოლირებულია, სტუმრები სულ გვყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობდით, ბევრი სირთულე იქნებოდა, პანდემია არ გვიგრძვნია და ამ პერიოდში,ბიზნესის გაზრდაც შევძელით“, -განაცხადა თამარ დავითულიანმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი