ავსტრალია-ჩინეთის „ღვინის დავაში“ შესაძლოა, WTO ჩაერთოს

ავსტრალიის მთავრობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (WTO) მოუწოდებს, ჩინეთთან დავაში ჩაერიოს, რომელმაც ავსტრალიური ღვინის იმპორტზე ანტიდემპინგური გადასახადი დააწესა. ინფორმაციას Voice of America ავრცელებს.

ჩინეთი ავსტრალიის მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა სხვადასხვა საკითხის გამო, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დაძაბულია და ბოლო ათწლეულში ყველაზე რთულ სტადიაზეა. გასულ წელს ავსტრალიამ ახალი კორონავირუსის წარმომავლობაზე გამოძიება მოითხოვა, რამაც პეკინი მეტად გააბრაზა და ავსტრალიურ საქონელზე მწვავე ეკონომიკური სანქციები დააწესა. პეკინმა ავსტრალია მეღვინეების უკანონო სუბსიდირებაში დაადანაშაულა და ნოემბერში ავსტრალიური ღვინის ომპორტზე 5 წლის ვადით გადასახადები 200%-ით გაზარდა. დამატებითმა გადასახადებმა ავსტრალიური ღვინის მომგებიანი მიმართულება, თითქმის, გაანადგურა მაშინ, როცა მანამდე ჩინეთი ავსტრალიისთვის ყველაზე ღირებული საექსპორტო ბაზარი იყო.

ავსტრალიის ოფიციალური პირები პეკინის ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მეღვინეობის დარგის სუბსიდირება არ ხდება. ჩინეთში ავსტრალიის ელჩი აცხადებს, რომ პეკინის „დამსჯელი ეკონომიკური პოლიტიკა შურისძიებაზეა დაფუძნებული“. ამაზე საპასუხო რეაგირებით იმუქრება ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონიც.

„მარტში ჩინეთის მთავრობამ ღვინის ექსპორტზე 116-დან 220%-ის დიაპაზონში დამატებითი გადასახადი დაგვიწესა, რამაც ჩვენს მეღვინეობას სერიოზული დარტყმა მიაყენა. ჩვენი ექსპორტი 1,1 მლრდ ავსტრალიური დოლარიდან 20 მლნ დოლარამდე შემცირდა. მეღვინეებთან მოლაპარაკების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს საადავო საკითხი განსახილველად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისთვის გადაგვეცა,“ - აცხადებს ავსტრალიის ვაჭრობის მინისტრი დენ ტეხანი.

ამ ქვეყანამ უკვე მეორედ მიმართა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ბოლო 6 თვის განმავლობაში. პირველად WTO-ში ავსტრალიის მთავრობამ ჩინეთის მიერ ავსტრალიური ქერის ექსპორტზე საბაჟო ტარიფების შემოღება გააპროტესტა.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საკითხის განხილვის პროცედურა ხანგრძლივ კონსულტაციებსა და სასამართლო გადაწყვეტილების შესაძლო გამოტანას ითვალისწინებს. თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ WTO ღვინის სადავო ტარიფებთან დაკავშირებით დასკვნას რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ მიიღებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ