,,საშუალო, დაბალი და ზედა რგოლის კადრები განახევრდა“ - როგორ შეხვდნენ გიდები ტურიზმის აღდგენის პროცესს

,,ჩვენს სექტორში, როგორც საშუალო, ასევე მაღალი და ქვედა რგოლის კადრები განახევრდა. ეს ეხება როგორც გიდებს, ასევე მძღოლებს და ადმინისტრატორებს“- ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა.

ლაშა ბერეკაშვილის თქმით, იმედი აქვთ, რომ ტურიზმის აღდგენის პროპორციულად შეძლებენ კადრების მოზიდვას, ან უკან დაბრუნებას.

„კადრების გადინების პრობლემა, მთლიანად ტურისტულ სექტორზე გავრცელდა. მასშტაბური ლოქდაუნების დროს, ადამიანებმა, ან ახალი სამსახურები იპოვეს, ან ქვეყნიდან წავიდნენ, რაც ბუნებრივი პროცესია, როცა დასაქმებული თვეების განმავლობაში რჩება უსამსახუროდ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ტურიზმის აღდგენის პარალელურად, დავიბრუნებთ ძველ, გამოცდილ კადრებს, ან მოვახერხებთ ახლით ჩანაცვლებას“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა, იმ ძირითად პრობლემებზეც ისაუბრა, რაც კადრების დეფიციტის გარდა, ტურისტულ სექტორს აწუხებს.

,,ტურიზმის კუთხით აღდგენა დაწყებულია. გიდებმა რამდენიმე ჯგუფური შეკვეთა უკვე შეასრულეს. იმით, რა ვითარებაც დღესაა, შეიძლება ითქვას, რომ ველოდებით პანდემიამდე არსებული მდგომარეობის 30-40%-ით მიახლოებას. აქტივობა, დღეს თბილისში, აჭარაში და კახეთშია. იმერეთში კი ტურიზმის აღდგენის დაბალი ტემპია, რადგან ქუთაისის აეროპორტი დაგვიანებით გაიხსნა, დასავლეთ საქართველო კი ძირითადად ამ აეროპორტიდან განხორციელებულ რეისებზეა დამოკიდებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც ცენტრალური, ისევე ადგილობრივი ხელისუფლებისგან არ იდგმება სათანადო ნაბიჯები, ვითარების შესაცვლელად.

პანდემიის პირობებშიც, პრობლემად რჩება ის, რაც ტურისტულ სექტორს სულ აწუხებდა. ეს არის ინფრასტრუქტურის სრული მოშლა რეგიონებში. ტურისტები მიგვყავს ლოკაციებზე, სადაც აბრებზე, უბრალოდ, აღარაფერი იკითხება და არ არსებობს, ელემენტარული პირობები“- განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისათვის, კვალიფიციური კადრების პრობლემაზე ჰორეკა სექტორი ობიექტების გახსნის შედეგ ალაპარაკდა. როგორც სასტუმროების, ასევე კვების ობიექტების მფლობელები ამბობენ, რომ მუშა-ხელის დეფიციტი აქვთ, რადგან დასაქმებულების დიდმა ნაწილმა გაჩერებული ბიზნესის დროს ან ახალი სამსახური იშოვა, ან კი ქვეყიდან წავიდა.

თამარ მუკბანიანი